Aa Aa
15 აგვისტო 2021  |  18:21

საუკეთესო 5-ცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილები

5-ცილინდრიანი ძრავები ავტოინდუსტრიაში ისეთი გავრცელებული არ ყოფილა, როგორიც 4-ცილინდრიანი, 6-ცილინდრიანი, 8-ცილინდრიანი და ყველა სხვა ლუწ-ცილინდრიანი ძრავებია. ასეთი ტიპის აგრეგატების წარმოებამ მეინსტრიმის მასშტაბი ვერ შეიძინა, თუმცა, სხვადსხვა კომპანიებმა მასზე მუშაობა და სერიულ წარმოებაში ჩაშვება მაინც შეძლო. ქვემოთ კი იმ 5-ცილინდრიან ძრავებზე მოგიყვებით, რომლებიც ჩვენს ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს.

Ford Focus ST და RS


ის შესაძლოა ყველაზე ბიუჯეტური ცხელი ჰეჩბეკიც იყოს. მოდელი 2005 წლიდან გამოდის. მეორე თაობის Ford Focus ST-ის სიმძლავრეს 2.5-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა წარმოშობდა, რომელიც Volvo-ს მიერ იყო მოწოდებული.

2009 წელს Focus ST-ს Focus RS-იც მოჰყვა, რომელიც გადაკეთებული 2.5-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ვერსიას 301 ცხენის ძალა და 440 ნიუტონ მეტრი გააჩნდა. 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება კი 5.9 წამში შეეძლო. ერთი წლის შემდეგ კი ყველაზე სწრაფი, 345-ცხენისძალიანი Focus RS500 ვიხილეთ.

Volvo 850 T5


1994 წლის British Touring Car Championship-ის შემდეგ Volvo 850 უნივერსალს, ალბათ, არავინ დაივიწყებს. ეს მოდელები 2.0-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი აგრეგატებით იყო წარმოდგენილი.

T5 კი პირველი ცხელი Volvo 850 გახლდათ. 1993 წელს გამოშვებული ავტომობილი 2.3-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით ვიხილეთ, რომელიც 222 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს ავტომობილი 1994 წელს T-5R-მა ჩაანაცვლა, რომელიც Porsche-სთან ერთად შემუშავდა. 237 ცხენისძალიანი ძრავა უნივერსალს 0-დან 100კმ/სთ-მდე 6.9 წამში აჩქარებდა. სულ ბოლოს კი 850 R-მა უფრო დიდი ტურბინის გამოყენებით 247 ცხენის ძალის თავმოყრა შეძლო.

Fiat Coupe 20v Turbo


ქრის ბეგლის მიერ შექმნილი ექსტერიერისა და Pininfarina-ს მიერ დაპროექტებული ინტერიერის მქონე Fiat Coupe ძალზედ საინტერესო ავტომობილია. ის Fiat Tipo-ს გაძლიერებულ პლატფორმაზე იყო დაფუძნებული. ეს მანქანები 4-ცილინდრიანი აგრეგატებითაც გამოდიოდა, თუმცა უმაღლეს კომპლექტაციაში 5-ცილინდრიანი ძრავებიც გვხვდება.

თუ ეს მანქანა 220-ცხენისძალიანი 20-სარქველიანი Turbo ძრავით იყო აღჭურვილი, მაშინ მას 100კმ/სთ-ის განვითარება 6.5 წამში შეეძლო. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-ით იყო განსაზღვრული. 5-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი Fiat-ის კუპე იშვიათი მოდელია და თუ ხელში ჩაგივარდებათ აუცილებლად უნდა შეიძინოთ.

Audi Quattro


Audi Quattro ის ავტომობილია, რომელიც ყველა ავტომოყვარულ 5-ცილინდრიან ძრავაზე ახსენდება. 198-ცხენისძალიანი ტურბინიანი სრულად ამძრავი კუპე საოცარი მოჭიდებითა და სიმძლავრით გამოირჩეოდა. ის ყველანაირ ამინდში გამოყენებადი იარაღია.

2.1-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავას საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. მოგვიანებით ძრავს მოდიფიცირება ჩაუტარეს და მისი მოცულობა 2.2-ლიტრამდე გაიზარდა.

Volvo C30 T5


იმ შემთხვევაში თუ Ford Focus ST ზედმეტად ახალგაზრდულ ავტომობილად გეჩვენებათ, მაშინ 2.5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავას სერიოზულ პაკეტს Volvo C30 T5 შემოგთავაზებთ. დიზაინმა დროს გაუძლო, განსაკუთრებით კი „ფეისლიფტამდე“ არსებულმა მოდელმა.

თავდაპირველად C30-ის შერჩევა სამი 5-ცილინდრიანი აგრეგატით შეიძლებოდა: 2.4-ლიტრიანი 168-ცხენისძალიანი ატმოსფერული ძრავა, 2.4-ლიტრიანი 177-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა და 217-ცხენისძალიანი ტურბინიანი T5. დიახ, ის Focus-ზე ნაკლებად მძლავრი და მეტად რბილი იყო, თუმცა, სხვა სტილის მატარებელი გახლდათ.

Fiat Stilo Schumacher GP


Fiat Stilo Schumacher GP ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი F1-ის შთაგონებით შექმნილი ავტომობილია, რისი შეძენაც შეიძლება. წარმოების ხაზი საკმაოდ მცირე იყო, ხოლო GP ვერსია კიდევ უფრო მცირე რაოდენობით არსებობს. Prodrive-მა ავტომობილს 18-იანი OZ Superturismo-ს ალუმინის დისკები, სპორტული დაკიდების სისტემა და უჟანგავი მეტალისგან დამზადებული მაყუჩები დაუმატა.

ამ ვერსიებს წარმადობაში წინსვლა არ ჰქონიათ. შესაბამისად, ორივე ვერსია 170-ცხენისძალიანი 2.4-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ამ აგრეგატის დახმარებით ავტომობილი 100კმ/სთ-ს 8.5 წამში ავითარებდა. ხმა კი საკმაოდ დახვეწილი იყო.

Mercedes-Benz 300D


300D-ის 5-ცილინდრიანი დიზელის ძრავა Mercedes-Benz W123-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია იყო. ეს აგრეგატი კი მოგვიანებით ელეგანტურ კუპეშიც დამკვიდრდა.

W123 დიზელი ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილადაა მიჩნეული. ამ ძრავას 7-ციფრიანი გარბენის დაფარვა შეუძლია, ისე რომ სერიოზული ხარვეზი არ გამოუვლინდეს. აშშ-ში და ევროპაში ამოწურული რესურსის შემდეგ, მოდელებმა სიცოცხლე აფრიკაში გააგრძელა.

VW Golf V5


Seat Toledo-სთან ერთად შექმნილი 2.3-ლიტრიანი V5 ძრავა 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 10 სარქველი ჰქონდა. მოგვიანებით 20 სარქველიანი ვერსიაც ვიხილეთ, რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალამდე იყო გაზრდილი.

ეს ყველაფერი მეოთხე გამოშვების „გოლფს“ სპორტულის სტატუსს არ ანიჭებს, ის GTI-სთან ვერ მივა, თუმცა საკმარისი სიმძლავრე აქვს.

Acura Vigor (მხოლოდ ამერიკული)


როდესაც 5-ცილინდრიან აგრეგატებზე ფიქრობთ, პირველად Volvo, Ford-ი, Audi და Fiat-ი გაგახსენდებათ. თუმცა, რას იტყვით Honda-ზე? მწარმოებლის G-სერიის ძრავები საკმაოდ მოსახერხებელი იყო. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში 2.5-ლიტრიანმა ძრავებმა Acura Vigor-ში დაიმკვიდრა ადგილი.

Audi RS2


ეს ის წერტილია, საიდანაც Audi-ს RS-ის წარწერა იღებს სათავეს. RS2 Audi 80 იყო, რომელიც Porsche-ს მიერ გადაკეთებული 2.2-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი 20-სარქველიანი ტურბინიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ეს აგრეგატი 311 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილს 100კმ/სთ-ის განვითარება 4.8 წამში შეეძლო.

ამ მანქანამ Autocar-ის ტესტში საოცარი შედეგები დადო. მათ აღმოაჩინეს, რომ მოდელს 50კმ/სთ-ის განვითარება 1.5 წამში შეეძლო, რითაც McLaren F1-ს ასწრებდა.

გაზიარება: