Tesla პოლიციის მანქანას დაეჯახა — მძღოლი ყველაფერს ავტოპილოტის ხარვეზს აბრალებს
ილინოისში დააკავეს Tesla-ს მძღოლი, რომელიც გზის განაპირას გაჩერებულ პოლიციის Ford Explorer-ს დაეჯახა. თუმცა, ეს მორიგი ბანალური შემთხვევა არ არის — კანონდამრღვევმა განაცხადა, რომ საჭესთან ჩაეძინა, თუმცა შეჯახება არ უნდა მომხდარიყო, რადგან მანქანა ავტოპილოტის რეჟიმით გადაადგილდებოდა.
ადგილობრივების ცნობით, პოლიციის Explorer-ს 2022 წლის Model Y დაეჯახა და იმდენად დააზიანა, რომ ფორდი, სავარაუდოდ, ჩამოიწერება. 
სამხრეთ ბარინგტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეკიპაჟს საგზაო წესების დარღვევისთვის სხვა მძღოლი ჰყავდა გაჩერებული და, შესაბამისად, მაშუქიც ციმციმებდა, როცა ინციდენტი მოხდა. მძღოლმა, ჯოზეფ ფრესომ, მათ მოუყვა, რომ ავტოპილოტი გაააქტიურა და დაიძინა, მოგვიანებით კი შეჯახებამ გამოაღვიძა.
ოფიცრებმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოდან მალევე გაეწერნენ. რაც შეეხება 43 წლის მძღოლს, ის, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ავარიის გამო არ დაუკავებიათ. აღმოჩნდა, რომ ტესლაში დატენილი იარაღი იდო, რომლის ტარების უფლებაც ჯოზეფ ფრესოს არ ჰქონია. გარდა ამისა, ის დაჯარიმდა იმის გამო, რომ სავალ ზოლზე გაჩერებულ პოლიციის მანქანასთან მიახლოებისას სიჩქარე არ შეანელა. 
სასამართლო 3 დეკემბერს გაიმართება. ინციდენტზე კომენტარები არ გაუკეთებია Tesla-ს. თუ ავტოპილოტი მართლაც ჩართული იყო, არაერთი კითხვა გაჩნდება ამერიკული ელექტრომობილის ავტოპილოტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამის დასადგენად, კომპანია ინჟინრებს გაგზავნის და ინციდენტში მონაწილე Model Y-ს საფუძვლიანად გამოიკვლევენ.