Aston Martin-მა უსახურავო Valhalla წარადგინა და ის დიდებულია!
Aston Martin-მა Valhalla Spider-ი ოფიციალურად წარადგინა — ეს ბრენდის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ღია ტიპის სუპერქარია. ახალი ჰიბრიდული ჰიპერქარი იმავე 1079 ცხენის ძალის მქონე ძალური აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლითაც კუპე და პირობას დებს, რომ საოცარ დინამიკასა და ქარის შეგრძნებას ერთმანეთში იდეალურად შეაწყვილებს. ბრიტანელები გლობალურ მიწოდებას 2027 წლის მესამე კვარტალში დაიწყებენ.
ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებით შთაგონებული Valhalla Spider სპეციალურ კარბონის მზიდ კონსტრუქციაზეა აგებული, რომელიც კომპანიის F1 განყოფილებასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ბაზრების უმეტესობაში სტანდარტული აღჭურვილობის სახით მოსახსნელი ქსოვილის სახურავი მოდის, თუმცა სურვილისამებრ ხელმისაწვდომია კარბონის მყარი სახურავიც.
კაპოტის ქვეშ (უფრო სწორად, მძღოლის ზურგს უკან) 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავი იმალება, რომელიც მარტოხელა რეჟიმში 828 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას სამი ელექტროძრავაც ეხმარება. ჯამური სიმძლავრე 1079 ცხენის ძალასა და 1100 ნიუტონს აღწევს. ეს ყველაფერი 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული.
მიუხედავად იმისა, რომ ღია ძარიანი მანქანები ხშირად წონაში იმატებენ და აეროდინამიკას კარგავენ, Valhalla Spider-ის მშრალი წონა მხოლოდ 1680 კილოგრამია. შედეგად, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.5 წამში ჩქარდება, ხოლო მისი ელექტრონულად შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს — თანაც იმის მიუხედავად, სახურავი ღიაა თუ არა!
სალონში მძღოლს Formula 1-ის სტილის მართვის პოზიცია და სრულიად ციფრული სამყარო ხვდება: 10.25-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური მულტიმედიური ეკრანი და Bowers & Wilkins-ის პრემიუმ აუდიოსისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ Valhalla Coupe სულ რაღაც 999 ეგზემპლარად გამოვიდა, Spider-ის ტირაჟიც მკაცრად შეზღუდული იქნება. ფასი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ექსპერტების პროგნოზით, ის სავარაუდოდ 1.5 მილიონი დოლარის ნიშნულს გადასცდება და ისეთ მრისხანე კონკურენტებს დაუპირისპირდება, როგორებიც Lamborghini Revuelto Roadster-ი და Ferrari SF90 XX Spider-ი არიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს