Ford-მა ხელმისაწვდომი პიკაპის შესაქმნელად Tesla-ს ტექნოლოგია „ისესხა“
Ford Fathom სრულად ელექტრო კომპაქტური პიკაპია, რომელსაც ამერიკული ავტმწარმოებელი 2027 წელს გამოუშვებს და რომლის საბაზო ფასიც სულ რაღაც $29 945 იქნება. თუმცა, ასეთი ამბიციური ფასის მიღწევა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ამ მიზნის მისაღწევად ლურჯ ოვალს „ტესლასგან“ ერთი იდეის „სესხება“ დასჭირდა — საუბარია Ford-ის მიერ დანერგილ Unicasting (უნიკასტინგის) პროცესზე, რაც სინამდვილეში Tesla-ს ცნობილი Gigacasting-ის ანალოგია. უნიკასტინგები არის უზარმაზარი ალუმინის კომპონენტები, რომლებიც მრავალ მცირე ზომის დეტალს ანაცვლებს და აწყობის დროს მკვეთრად ამცირებს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ახალი Fathom-ის კონსტრუქციაში ორი ასეთი გიგანტური დეტალი გამოიყენება (ერთი პიკაპის წინა, ხოლო მეორე — უკანა ნაწილისთვის). როგორც Ford-ში აცხადებენ, ეს ორი კომპონენტი ცვლის იმ 146 სტრუქტურულ ელემენტს, რომლებიც ტრადიციული ავტომობილის აწყობისას იქნებოდა საჭირო.
Ford-ში ასევე აღნიშნეს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ოფიციალური დებიუტისთვის მოსამზადებლად, 5000-მდე დეტალი (რაც 2500 პიკაპისთვისაა საკმარისი) უკვე წარმოებულია. ეს ჩამოსხმები Ford-ის შელბივილის ტექნიკურ ცენტრში მზადდება. ალუმინის ზოდები ღუმელში სპეციალური ლიფტით იტვირთება და 700 გრადუს ცელსიუსზე დნება, რის შემდეგაც ჩამოსხმის მანქანაში გადადის და თითოეული პიკაპისთვის განკუთვნილ ორ დეტალად იქცევა.

ვიზუალური ინსპექტირების გავლით საქმე არ მთავრდება. სანამ ეს უზარმაზარი დეტალები კენტუკიში, ლუისვილის ქარხანაში გაიგზავნება, სადაც სერიული Fathom-ები აეწყობა, ისინი კლიმატკონტროლირებად ოთახში სრულ შემოწმებას გადიან, რათა ყველა ზომა და ხვრელის მდებარეობა ოფიციალურ სპექტრს ზუსტად ემთხვეოდეს. ამის შემდეგ, სამრეწველო რენტგენის სისტემა ჩამოსხმის შიგნით დეფექტებს ამოწმებს. პარალელურად, ალუმინის ნიმუშები ელასტიკურობაზე იტესტება, ხოლო ქიმიური შემადგენლობის დასადგენად დამატებითი კვლევები ტარდება. მთლიანი პარტიები ლუისვილში მხოლოდ მას შემდეგ იგზავნება, რაც ყველა ტესტი წარმატებით დასრულდება.
ქარხანაში მიტანის შემდეგ, ეს დეტალები ისეთ საწარმოო პროცესში ერთვებიან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ჰენრი ფორდმა ერთი საუკუნის წინ დანერგა. იმის ნაცვლად, რომ მანქანები ერთ გრძელ საწარმოო ხაზზე მოძრაობდნენ, ისინი სამ ცალკეულ ქვე-ნაწილად აეწყობა დროის დასაზოგად და მხოლოდ აწყობის ციკლის ბოლო ფაზაში გაერთიანდება სრულ პიკაპად.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს