Mercedes, Tesla, Hyundai, ჰუმანოიდი რობოტი, ტექნოლოგიები, რობოტები
Aa
Aa

ანალიტიკოსების აზრით, 2030 წლამდე ზოგი ავტომწარმოებლის ქარხნები სრულად ავტომატიზებული იქნება

მანქანები ადამიანებს ავტომობილების უფრო სწრაფად და ზუსტად აწყობაში უკვე ათწლეულებია ეხმარებიან, თუმცა ეს ურთიერთობა იმაზე მალე შეიცვლება, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ — ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, დაახლოებით, 5 წელიწადში პირველი სრულად ავტომატიზებული საავტომობილო ქარხნები უკვე გვექნება.

Gartner-ისა და Warburg Research-ის ანალიტიკოსების აზრით, პირველი „უადამიანო“ ქარხანა ჩინეთში 2030 წლამდე უკვე იარსებებს. Auto News-ის ცნობით, სრულად ავტომატიზებული საწარმოო ხაზისგან შორს არც ამერიკული ავტომწარმოებლები არიან და 2030 წლამდე, შესაძლოა, ეს მათაც შეძლონ. 

მაგალითად, Boston Dynamics-ის ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებას Hyundai ჯორჯიაში მდებარე ქარხანაში 2028 წლიდან დაიწყებს, როცა Mercedes-Benz-მა შედარებით მცირე მასშტაბით ამ პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

ასევე იხილეთ: მერსედესის ახალი თანამშრომელი არც ჭამს, არც სვამს და არც ხელფასს იღებს

საკუთარ რობოტებს Tesla-ც ქმნის და შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ამაზე ყველა ის ავტომწარმოებელი ფიქრობს, რომელსაც ხარჯების შემცირება სურს...  

მართლაც, ავტომშენებლობის გადმოსახედიდან, მექანიზებული სამუშაო ძალის იდეა შესანიშნავად ჟღერს — ასეთ დასაქმებულებს ძილი, ხელფასი, პენსია და შვებულებები არ სჭირდებათ და, შესაბამისად, საშუალებას იძლევიან, წარმოების ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს. 

Auto News-ის ცნობით, ეს ტექნიკური ცვლილება მოქმედებს ავტომობილების დიზაინზეც. მაგალითად, აუცილებლად შეიცვლება თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის კორპუსში კონკრეტული ნაწილები მონტაჟდება, რათა ეს კომპლექსური პროცესი რობოტის შესაძლებლობებს უკეთ მოერგოს. რა თქმა უნდა, ინდუსტრიიდან ადამიანის სრულად გამორიცხვა არ გამოვა, რადგან შეკეთების, ლოჯისტიკის, ხარისხის კონტროლის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემის დიზაინის მიმართულებით, ადამიანური ზედამხედველობა მაინც მუდამ იქნება საჭირო — ამიტომ, შემთხვევათა ნაწილში, სამუშაო ადგილების კარგვის ნაცვლად, საქმიანობის ცვლილებას ვიხილავთ. 

რამდენად გამართლდება ავტომშენებლობის ინდუსტრიის ანალიტიკოსების ვარაუდები, ამას 2030 წლამდე ვიხილავთ... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები