შაკმა ერთხელ სამი Cybertruck-ი შეიძინა | თუმცა EV-ებით გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა
შაკილ ო’ნილი არა მხოლოდ საკალათბურთო კარიერით, არამედ თავისი უნიკალური ავტომობილების კოლექციითაც ცნობილია. ამის მიზეზი კი როგორც მისი მანქანებისადმი სიყვარული, ასევე ფიზიკური მონაცემებია, რის გამოც კალათბურთელს ხშირად სხვადასხვა მოდელის მოდიფიცირება და მათზე „მორგება“ უწევს ხოლმე.
ასე რომ, რა გასაკვირია, რომ ერთხელ შაკმა Tesla-ს საკმაოდ დიდი ზომის ელექტრომობილი, Cybertruck-იც შეიძინა და ამით ავტომწარმოებლის ხელმძღვანელის სიმპათიაც დაიმსახურა, თუმცა შაკის EV-ებით გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა.
SHAQ’s new Tesla Cybertruck ???? pic.twitter.com/Qv4KBrBYB8
— Hot Freestyle (@HotFreestyle) September 7, 2024
საინტერესოა, რომ მაშინ შაკ ო’ნილმა Cybertruck-ის არა ერთი, არამედ სამი ერთეული შეიძინა. პირველად ეს მოდელი Tesla Cybertruck Cyberbeast-ი იყო, რომელიც კალათბურთელმა ატლანტასთვის შეიძინა. ელექტრომობილი შაკს ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა ერთი ლას-ვეგასშიც ჰყოლოდა, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებდა. შემდეგ მას დაავიწყდა, რომ ატლანტასთვის Cyber-ი უკვე ნაყიდი ჰქონდა და კიდევ ერთიც დაამატა — სტანდარტული ქცევა შაკისთვის, რომელიც ხშირად უკვეთავს მანქანებს და შემდეგ ავიწყდება.
რამდენიმე თვის წინ შაკმა თავისი ერთ-ერთი Cybertruck-ი გაყიდა და მისი გასაღები Brooklyn Nets-ის კალათბურთელს, ტრენდონ უოტფორდს გადასცა. როგორც ამბობენ, 25 წლის კალათბურთელს Cybertruck-ის ყიდვა საკმაოდ დიდხანს სურდა, თან ამ შემთხვევაში საუბარი შაკის მოდიფიცირებულ ვარიანტზე გვაქვს.

საინტერესოა, რომ Cybertruck-თან დაკავშირებით შაკმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობის დროსაც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ კალათბურთელი დიდად კმაყოფილი არც ელექტრომობილის შესაძლებლობებით იყო. შაკის თქმით, ის პირველ რიგში Cybertruck-ის დაფარვის დიაპაზონით იყო უკმაყოფილო. Cyberbeast-ს შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ 2.6 წამში განავითაროს, თუმცა ერთი სრული დამუხტვით 301 მილსაც (485 კილომეტრი) ვერ გადის. ეს არის მიზეზი, რის გამოც შაკმა Tesla-ს ელექტრომობილი Cadillac Escalade IQ-ით შეცვალა.
როგორც პოდკასტში შაკმა თქვა, ის თავისი Cadillac-ით ვეგასშიც იყო, სადაც ოთხი დღის განმავლობაში ავტომობილის დამუხტვა არ დასჭირვებია. თუმცა იმავე სიტუაციაში Cybertruck-ით რომ ყოფილიყო, დარწმუნებულია, რომ სახლში დაბრუნება გაუჭირდებოდა.