ჰიბრიდული, საწვავის ეკონომია, ტოიოტა, ტექნოლოგიები, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

Toyota-ს ჰიბრიდული აგრეგატი ამიერიდან 15%-ით უფრო ეკონომიური იქნება — როგორ?

იმ დროს, როდესაც ავტომწარმოებლების ნაწილი მხოლოდ ელექტრომობილებზე ფოკუსირებას ცდილობდა, Toyota თავისი მრავალპროფილური სტრატეგიის ერთგული დარჩა. შედეგმაც არ დააყოვნა: იაპონურმა ავტომწარმოებელმა ოფიციალურად წარადგინა სრულიად ახალი თაობის ჰიბრიდული სისტემა, რომელიც ახალ 1.5-ლიტრიან 4-ცილინდრიან ძრავზეა აგებული და მძღოლებს საწვავის ეკონომიის 15%-ზე მეტად გაუმჯობესებას ჰპირდება.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

სიახლე როგორც ტრადიციულ, ისე დამუხტვად ჰიბრიდულ მოდელებს ეხება. Toyota-ს განცხადებით, ეს არ არის უბრალოდ არსებული ძრავის მოდიფიკაცია — ინჟინრებმა შიგაწვის ძრავი, ელექტროძრავები, მართვის ბლოკი და ინვერტორები თავიდანვე, ერთიანი ინტეგრირებული სისტემის სახით დააპროექტეს.

4-ცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი აგრეგატი: კომპაქტური და ეფექტური

ახალი ძრავი დღეს არსებულ 1.8-ლიტრიან 4-ცილინდრიან და 1.5-ლიტრიან 3-ცილინდრიან აგრეგატებს ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, მომზადებულია ამავე ძრავის ტურბინიანი ვერსიაც, ასევე უფრო მძლავრი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ვარიანტი, რომლებიც ბაზარზე 2027 წლიდან გამოჩნდება.

საწვავის 15%-იანი ეკონომიის მიღწევა ოთხი ძირითადი ინჟინრული ფაქტორით გახდა შესაძლებელი — კერძოდ, შემცირდა მექანიკური ხახუნი, გაუმჯობესდა თერმული ეფექტურობა, შემცირდა ელექტრონული დანაკარგები და თავად აგრეგატი უფრო კომპაქტური გახდა, რის დამსახურებითაც დიზაინერებს საშუალება ეძლევათ მანქანებს უფრო დაბალი კაპოტის ხაზი და აეროდინამიკური ფორმა მისცენ, რაც ჰაერის წინააღმდეგობას საგრძნობლად ამცირებს.

მაგალითისთვის, თუ დღევანდელი Corolla Hybrid-ის საშუალო წვა 100 კმ-ზე დაახლოებით 4.7–5.3 ლიტრია, ახალი სისტემით ეს მაჩვენებელი 4.0–4.5 ლიტრამდე ჩამოვა, რაც შიგაწვისძრავიანი ჰიბრიდებისთვის სრულიად ახალ თამასას დააწესებს.

Toyota-ს ახალი Multi-Pathway არქიტექტურა საშუალებას მისცემს კომპანიას, ერთსა და იმავე პლატფორმაზე ააწყოს როგორც სრულად ელექტრომობილები, ისე ჰიბრიდები და დამუხტვადი ჰიბრიდები — ისე, რომ ავტომობილის სილუეტი, სალონის სივრცე თუ ტევადობა საერთოდ არ შეიცვალოს. ეს კოლოსალურ ეკონომიას ნიშნავს და ხსნის შესაძლებლობას, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მომენტალურად შეცვალოს კონვეიერზე ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების პროპორცია.

რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ტექნოლოგიით მხოლოდ Toyota-ს მომხმარებლები არ ისარგებლებენ. Auto News-ის ცნობით, იაპონური გიგანტი გეგმავს, თავისი ახალი თაობის ჰიბრიდული ძალური აგრეგატები სხვა ავტომწარმოებლებსაც მიჰყიდოს, საიდანაც ყოველწლიურად $1.7 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის. სავარაუდო პარტნიორებს შორის მოიაზრებიან Subaru და Mazda, რომლებთანაც Toyota-ს ძრავების სფეროში ალიანსი უკვე გაფორმებული აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები