Aa Aa
16 მარტი 2020  |  19:29

დაძაბული ურთიერთობები: Porsche Taycan Turbo S vs Tesla Model S Perfomance

უკვე რვა წელი გავიდა, რაც Tesla Model S ელექტრომობილების ბაზარზე უკონკურენტოდ ბატონობდა, მაგრამ წელს მას უკვე სერიოზული კონკურენტი ეყოლება - 2020 Porsche Taycan.

ამ რვა წლის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიამ ძალიან წინ წაიწია. ამის მიზეზი „ტესლას“ კომპანიაა, რომელიც ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუ ილონ მასკის მაგივრად კომპანიის სათავეში სხვა ვინმე იქნებოდა. ზუსტადაც რომ ილონ მასკის შეხედულებებმა და მიღწევებმა ავტოინდუსტრიას ელექტრომობილების წარმოებისკენ უბიძგა. შეიძლება ითქვას, რომ ილონ მასკმა კონკურენტი თავად გააჩინა.

დღეს კონკურენტების კვლევა ნამდვილად ძალიან მარტივია. ყველაზე კარგი ხერხია, შენივე კონკურენტის პროდუქტი შეისწავლო, იპოვო ნაკლები და ზუსტად იმ სუსტ წერტილებში დაარტყა. „პორშემ“ დაახლოებით ასე მოიქცა.

ახალი Porsche Taycan-ი ელექტრომობილების ინდუსტრიას განსხვავებული ხედვა შესთავაზა - GT კლასის სპორტული საოჯახო ელექტრომობილი.

ფასი

გამარჯვებული: Tesla Model S Perfomance

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მომხმარებლის ყიდვის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენს არის ფასი.

ერთი Porsche Taycan Turbo S-ის ფასად თითქმის ორი Tesla Model S Perfomance-ი შეგიძლიათ იყიდოთ. ავტომობილების ფასები შესაბამისად 185 000$ და 101 900$-დან იწყება. 80 000$-იანი ფასის სხვაობა ნამდვილად ბევრია. მაგრამ ეს „პორშეა“ და თავის ბრენდს დიზაინით დაწყებული, მართვადობით და სიარულით დამთავრებული თავიდან ბოლომდე ამართლებს. ავტოსადგომზე ამ ავტომობილების გვერდიგვერდ დგომის შემთხვევაში ყურადღებას ყოველთვის Taycan-ი მიიქცევს.

მათ, ვისაც „ტაიკანის“ ყოლა გინდათ, უფრო ადეკვატური 104 000$ ფასის მქონე Taycan 4S ვერსია არსებობს. მაგრამ აქაც, უფრო „ბიუჯეტურ“ კომპლექტაციებში, „ტესლამ“ ფასში „პორშეს“ აჯობა.

ინტერიერის ხარისხი

გამარჯვებული: Porsche Taycan Turbo S

Model S-ის სალონში ყოფნა სასიამოვნოა, უფრო მეტი სივრცეა. თავის დროზე, 2012 წელს მას ფუტურისტულსაც უწოდებდნენ, მაგრამ Taycan-მა თავისი რაციონალური გერმანული დიზაინით ეს ტიტული გადმოიღო. ინტერიერის დიზაინი და ჭიქის სამაგრების განლაგება ამ კრიტერიუმში გადამწყვეტი არაა. დიზაინი მეტ-ნაკლებად სუბიექტურია.

სალონში გამოყენებული მასალები ორივე ავტომობილში ძალიან მაღალი ხარისხის არის, არაფერი ხმაურობს, ყველაფერი თავის ადგილზეა, იქ, სადაც ელოდებით. უბრალოდ Taycan-ში გამოყენებული მასალები შესახებად ბევრად უფრო სასიამოვნოა. მაგრამ ესეც არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც Taycan-მა გაიმარჯვა.

„პორშემ“ გაიმარჯვა, მაღალფარდოვანი სიტყვაა, უფრო ითქმის „ტესლამ“ წააგო. წააგო ძალიან უმნიშვნელო მაჩვენებლის გამო - სალონის ხმაურიანობა. 110 კმ/სთ სიჩქარეზე Model S-ის სალონში მეტი ხმაური შედის, ვიდრე „პორშეს“ შემთხვევაში. ისეთიც არაა, რომ სმენაში დაგაკლდეთ ან მგზავრებთან ლაპარაკისას ყვირილი მოგიწიოს, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ ამ კრიტერიუმში თავისი პოზიცია „ტაიკანისთვის“ დაეთმო.

სავარძლების კომფორტი და ხილვადობა

გამარჯვებული: Tesla Model S Perfomance

Porsche Taycan Turbo S-ი GT კლასის სპორტული ავტომობილია, რაც სავარძლებზეც აისახება. როგორც კი სალონში მოხვდებით და სავარძელში ჩაეფლობით, მაშინვე მიხვდებით, რომ ნამდვილად „პორშეში“ სხედხართ. „ტესლასთან“ შედარებით, ბევრად უკეთესი მძღოლის პოზიცია და უფრო კომფორტული სპორტული სავარძლები აქვს კარგი გვერდითა დამჭერებით. სამწუხაროდ, აქ „ტაიკანის“ სალონის ძლიერი მხარეები მთავრდება. Tesla Model S-ის სალონი ბევრად უფრო სივრცულია და უკან მსხდომი მგზავრების ფეხებისთვის მეტი გასაქანი აქვს. დისკომფორტს არც მაღალი მგზავრები განიცდიან, რადგან „ტესლას“ უფრო მაღალი სახურავი აქვს, ვიდრე „პორშეს“.

მთავარი ელემენტი, რის გამოც Tesla Model S-ს ამ კრიტერიუმში გამარჯვების მინიჭება დახუჭული თვალებითაც კი შეიძლება არის მგზავრთა რაოდენობა. „ტესლას“ სალონში ძალიან თავისუფლად 5 მოზარდი მოთავსდება, რადგან უკან 3-ადგილიანი სავარძელი აქვს.

აღჭურვილობა

გამარჯვებული: Tesla Model S Perfomance

ორივე ავტომობილი ინჟინრული სიახლეებითაა სავსე. ამიტომაც მხოლოდ განსხვავებებს გავუსვამთ ხაზს, რის გამოც Model S-ი ამ კრიტერიუმში იგებს.

„ტაიკანის“ ინტერიერი მეტად ფუტურისტული და დახვეწილი დიზაინითაა. ამის გამო მისმა შემქმნელებმა, „ტესლასგან“ განსხვავებით, სალონის შუაში ტელევიზორის განთავსება არ ისურვეს. ყველა არსებული ეკრანი ავტომობილის მართვისას მეტი კომფორტის შესაქმნელად მძღოლზეა მორგებული.

ასეთი ტიპის ავტომობილებში ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ვმგზავრობთ. ამ შემთხვევაში „ტესლას“ ინფორმაციულ-გასართობი სისტემა იგებს არა მარტო ეკრანის ზომისა და განლაგების, არამედ მისი მარტივი, ინტუიციური მართვის და ავტომატურ-დისტანციური პროგრამული განახლებების გამო.

ავტოპილოტის ფუნქციაზე საუბარიც კი ზედმეტია. „ტესლას“ ავტოპილოტი ბევრს არ მოსწონს, ზოგს ეშინია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მუშაობს. ყოველ წელს ავტოპილოტის ფუნქციას უფრო და უფრო ხვეწენ, რათა მეტად ზუსტი და საგზაო მოძრაობის წევრებისთვის უსაფრთხო იყოს.

აჩქარება

გამარჯვებული: Porsche Taycan Turbo S

ეს ის კრიტერიუმია, რომლის გამარჯვებულის გამოვლინება მხოლოდ ციფრებითაა შესაძლებელი და , როგორც ყველამ ვიცით, ციფრებთან კამათს აზრი არ აქვს.

0-დან 100-მე პორშე 2,3 წამში ჩქარდება, რაც 0,1 წამით ნაკლებია, ვიდრე „ტესლას“ Ludacris Perfomance რეჟიმში. 100კმ/სთ-ამდე აჩქარების სხვაობა თუ უმნიშვნელოა, სიჩქარის გაზრდასთან ერთად ეს სხვაობა იზრდება. 210 კმ/სთ სიჩქარემდე „პორშე“ 3 წამით უფრო სწრაფად ჩქარდება, მიუხედავად მეტი წონისა და ნაკლები ცხენის ძალისა. „პორშსეს“ წონა 2100კგ-ია და ჯამში 750 ცხენისძალა აქვს, ხოლო „ტესლა“ 100 კილოგრამით მსუბუქია, რამაც შეიძლება ახსნას მისი მაღალ სიჩქარეებზე ხმაურიანობა და 28 ცხენისძალით მეტია, როგორც მაბრუნი მომენტი - 1148 ნმ. ხოლო „ტაიკაინი“ 1049 ნმ-ს აწარმოებს. გერმანული და ამერიკული ინჟინერია ცხენის ძალის ასფალტის საფარზე გამოყენების პოტენციალით განსხვავდება.

საწვავის ეკონომია

გამარჯვებული: Tesla Model S Perfomance

აქ გამარჯვებულის გამოვლენა  საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საწვავის ეკონომია, ამ შემთხვევაში ენერგიის ხარჯვა, მწარმოებლის მიერ შეპირებულ მონაცემებს არასდროს ემთხვეოდა. არც ეს არის გამონაკლისი. EPA-ს შეფასებით, Taycan Turbo S-ს მხოლოდ 309 კილომეტრის მანძილის დაძლევა შეუძლია, მაშინ, როცა Tesla Model S Perfomance-ი თავისუფლად 525 კილომეტრის გავლა შეუძლია. სინამდვილეში „ტესლას“ ერთ დატენვაზე ბევრად უფრო პატარა მანძილის დაფარვა შეუძლია და „ტაიკანთან“ თანაბარ პირობებში გატესტვის შემდეგ, მათ შორის გავლილი მანძილის სხვაობა მხოლოდ 45 კილომეტრი იყო, „ტესლას“ სასარგებლოდ.

სიარული და მართვა

გამარჯვებული: Porsche Taycan Turbo S

თავიდან ვიფიქრეთ, რომ ამ კრიტერიუმით შეფასებას აზრი არ ექნება, მაგრამ რასაც „პორშემ“ მიაღწია, იმის ყურადღების გარეშე დატოვება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. „პორშემ“ ახალ Taycan Turbo S-ში განუმეორებელი გერმანული სპორტქარის სული ჩადო. ელექტროძრავიანმა ,,პორშემ“ ბევრი ავტომოყვარულისგან ნეგატიური შეფასება დაიმსახურა. მაგრამ, ნამდვილად იმსახურებს?  არა!  ყველა, ვინც ასე ამბობს, „ტაიკანში“ ერთხელაც კი არ მჯდარა და არ იცის, თუ რა ხელოვნების ნიმუშია იგი.

Taycan Turbo S მძღოლს მართვისას ისეთ დამაჯერებლობას აძლევს, როგორც არცერთი მსგავსი ტიპის ავტომობილი, მათ შორის Tesla Model S-ი. „ტაიკანის“ მოქნილობა და მოსახვევის დაძლევის შესაძლებლობები აღმაფრთოვანებელია და ამავდროულად საშიში იმის გამო, რომ გგონიათ თითქოს ზღვარს ცდებით, მაგრამ ავტომობილი გემორჩილება და უხვევს ზუსტად იქ, სადაც გინდათ და როგორც გინდათ. თუ გაითვალისწინებთ რომ ავტომობილის მასა 2 ტონას აღემატება, შედეგი ორმაგად უფრო მაგარია.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს შეგრძნებები დროის ნებისმიერ მონაკვეთში ერთნაირი იქნება, რადგან ავტომობილი არ „იღლება“ და წარმადობას ერთნაირ დონეზე ყოველთვის ინარჩუნებს.

ერთადერთი, რაც ქალაქის პირობებში „ტესლას“ უკეთესი აქვს - დაკიდების სისტემის სირბილეა.

გამარჯვებული ...

Tesla Model S Perfomance

Taycan Turbo S-ის უაზროდ დიდი ფასის გამართლება ძალიან რთულია, მაგრამ ვინც მასში ერთხელ მაინც მჯდარა, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ღირს. მასში გატარებული თითოეული წამი ემოციებით სავსეა. მსოფლიოში ვერცერთი Model S-ი ვერ გადმოგცემთ იმ ტარების სიამოვნებას, რომელიც „პორშეს“ ახასიათებს. „ტაიკანით“ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე იმგზავროთ და სურვილისამებრ ტრეკზე სიარულით დატკბეთ. ტრეკზე მოხვედრისას „პორშე“ წრიდან წრემდე ერთნაირად გაგართობთ და გაგაგიჟებთ, მაშინ, როდესაც Tesla პატარა ბავშვივით, სხვადასხვა წრეზე განსხვავებულად იქცევა.

სამაგიეროდ, „ტესლა“ ყოველდღიურ მოხმარებაში ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია, ვიდრე „პორშე“. ამის წინაპირობა უფრო ტევადი საბარგულები და ინტერიერის სივრცეა. დატენვას რაც შეეხება, „ტესლას“ ენერგოსადგურები უფრო მეტია, თუმცა ნაკლებად ხელმისაწვდომია რიგების გამო, რომელშიც დგომა მოგიწევთ, რათა თქვენი „ტესლა“ დატენოთ.

ქალაქში სიარულისას 0-100-მდე აჩქარება არაა მნიშვნელოვანი, არც არის საგრძნობი. ქალაქისთვის „ტესლა“ იდეალური გადაადგილების საშუალებაა, მათთვის, ვინც ეკოლოგიაზე ზრუნავს.

„ტაიკანის“ ყოლა უფრო ფუფუნების და სტატუსის ნიშანია და ქალაქგარეთ მგზავრობისთვის საუკეთესოა. ცოტა მეტი მანძილის დაძლევის შესაძლებლობა და ცოტა დაბალი ფასი  რომ ჰქონდეს, ალბათ ამ შედარებაში გაიმარჯვებდა.

რამდენადაც მსგავსია Tesla Model S Perfomance-ი და Porsche Taycan Turbo S-ი, ერთმანეთისგან იმდენადვე განსხვავდებიან. სტრუქტურულად შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ განსხვავებული ტიპის ავტომობილებია, შესაბამისად კონკურენტები არიან და თავისი სეგმენტის უდაო ლიდერები.

ერთი რამ ცხადია, „ტესლამ“ უკვე მემილიონე ავტომობილი აწარმოა და ელექტრომობილების ინდუსტრია ძალიან განავითარა. ამ სფეროში ბევრ ავტომწარმოებელს მოქმედებისკენ უბიძგა, „პორშემ“ კი კლასის ახალი, უფრო მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: