როდსტერი, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა როდსტერი
Aa
Aa

Tesla-მ Roadster-ის პრეზენტაცია ისევ გადადო | როდის ვიხილავთ დაპირებულ სუპერქარს?

Tesla Roadster-ის პრეზენტაცია კვლავ გადაიდო და ეს ფაქტი, წესით, უკვე აღარავის აკვირვებს, რადგან ავტოსამყარო ამერიკული კომპანიის მიერ დაპირებულ სუპერქარს უკვე წლებია ელოდება. ბოლო ცნობებით, Roadster-ის დიზაინის პრეზენტაცია 1 აპრილს იყო დანიშნული, თუმცა, განახლებული ინფორმაციით, მას კიდევ რამდენიმე კვირა არ უნდა ველოდოთ (ეს მხოლოდ ამ ეტაპზე, მომავალში რა იქნება, გაურკვეველია).

Roadster-ის პრეზენტაციის თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით განცხადება თავად Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავისივე სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე დაწერა: „ახალი Roadster-ის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს შედგება“.

ასევე იხილეთ: Tesla-მ „2017 წლის სუპერქარისთვის“ ახალი სავარძლის პატენტი წარადგინა

მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ უკვე რამდენჯერ გადავადდა Roadster-ის გამოშვება, რთული სათქმელია, რომ მომდევნო თვის ბოლოს Tesla-ს დაპირებულ სუპერქარს ნამდვილად ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ საწყისი გეგმებით Roadster-ი, რომლის პროტოტიპი Tesla-მ პირველად 2017 წელს წარმოადგინა, 2020, 2021, 2022, 2023, 2024 და „2025 წლის ბოლოსაც კი“ უნდა გამოჩენილიყო.

მიუხედავად გადავადებისა, Tesla უკან დახევას არ გეგმავს და, ამასთან, მომავალ Roadster-ზეც დიდ იმედებს ამყარებს. კომპანიის ხელმძღვანელისა და გუნდის სხვა წევრების შეფასებით, ეს იქნება მოდელი, რომელიც ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით ელექტრომობილის უპირატესობას ყველას დაუმტკიცებს. რამდენიმე დღის წინ Tesla-მ მოდელისთვის ახალი სავარძლის პატენტიც წარადგინა, რომელიც სტანდარტულად მხოლოდ მაღალი კლასის სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილ ხარისხსა და ფუნქციებს უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ Tesla Roadster-ი უფრო „გიჟური იქნებოდა, ვიდრე ის მოდელი, რომელსაც ჯეიმს ბონდის ყველა მანქანის გაერთიანებით მივიღებდით“. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა და ეს Tesla-ს ლოდინია, სანამ Roadster-ს მისთვის შესაფერის დონეზე არ დახვეწს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები