Porsche-მ Cayenne Electric-ის დებიუტს ეფექტური პრეზენტაცია მიუძღვნა
სრულიად ახალი Porsche Cayenne Electric-ის სათანადო ეფექტით წარსადგენად, შტუტგარტულმა ბრენდმა განსაკუთრებული ტრიუკის მომზადება გადაწყვიტა და არჩევანი მსოფლიოში უდიდეს თვითმფრინავზე შეაჩერა. მართალია, ეს ისეთივე შთამბეჭდავი არ არის, როგორც ორი ათწლეულის წინ Volkswagen-ის მიერ Touareg V10 TDI-ით Boeing 747-ის ბუქსირება იყო, თუმცა ნაბიჯი მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
სანახაობა მოჰავეს აეროკოსმოსურ პორტში გათამაშდა, სადაც გერმანელების მთავარი პარტნიორი დედამიწაზე ყველაზე დიდი ფრთების შლილის მქონე ხომალდი — Roc-ი გახლდათ. ეს გიგანტი იმხელაა, რომ ორი ფიუზელაჟი აქვს და სრული დატვირთვით აფრენისას მისი წონა 589 670 კილოგრამს აღწევს.
წარსულში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც სუპერქარები გამანადგურებელ თვითმფრინავებს აჩქარებაში ეჯიბრებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში Porsche-ს მიზანი Roc-ისთვის გადასწრება არ ყოფილა. Cayenne Electric-ი აფრენამდე ასაფრენ ბილიკზე მიმავალ ხომალდს უკან უნდა გაჰყოლოდა — პროცესი კომპანიამ დაახასიათა, როგორც „სიზუსტის, სტაბილურობისა და სიმძლავრის გამოცდა“.
Cayenne-ისა და მისი მძღოლის, პატრიკ ლონგის უსაფრთხოებისთვის, SUV აბსოლუტური სიზუსტით უნდა ყოფილიყო პოზიციონირებული თვითმფრინავის ორ ფიუზელაჟს შორის. ცოტათი უკან რომ დაეხია, მას თვითმფრინავის ძრავის რეაქტიული ჭავლი მოხვდებოდა — სისტემისა, რომელიც ჯამში 154 448 კგ მიმჭერ წევას გამომუშავებს, რაც სრულიად საკმარისია Porsche-ს ჰაერში ასასროლად. ცოტათი წინ წაწევას კი შასისთან შეჯახების რისკი ახლდა თან.
როდესაც Roc-მა ასაფრენ ბილიკზე სიჩქარე აკრიფა, ლონგს Cayenne Electric-ი 269 კმ/სთ სიჩქარემდე უნდა აეჩქარებინა, რის შემდეგაც მან იდეალურად დაინახა, როგორ აფრინდა გიგანტური ხომალდი მისგან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით.

„ეს ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე კონცენტრირებული და დაძაბული მომენტი იყო... ჩვენ ვენდობოდით მონაცემებს და ვიცოდი, რომ შეგვეძლო დავყრდნობოდით როგორც Cayenne-ს, ისე Roc-ის პილოტებს — შესანიშნავი გუნდი გვყავდა. სრულად დამუხტული ელემენტით დავიწყეთ: მინიმალურ სიმძლავრეს ვიყენებდი და მანქანა ზუსტად იმ პოზიციაზე მეჭირა, სადაც საჭირო იყო. ვიცოდი, რომ მქონდა საკმარისი დინამიკა პოზიციის შესანარჩუნებლად, რაც არ უნდა მომხდარიყო.“, — განაცხადა კაიენის მძღოლმა.
ახალი Cayenne Electric-ი ამ ტრიუკისთვის ლოგიკური არჩევანი გახლდათ. მიმდინარე ფლაგმანი Cayenne Turbo Electric-ი ორ ელექტროძრავას იყენებს, რომლებიც 1,138 ცხენის ძალასა და 1,500 ნიუტონმეტრ მბრუნავ მომენტს გამომუშავებს. გარდა ამისა, მაშინ როცა შედარებით მსუბუქ ავტომობილს რეაქტიული ჭავლი გვერდით გადააგდებდა, Porsche-მ პოზიცია უპრობლემოდ შეინარჩუნა — ის ხომ საკმაოდ სოლიდურ 2,645 კილოგრამს იწონის.