Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  16:37

BMW M3-ის გზა წლების განმავლობაში - მოახერხებს 2021 წლის M3 და M4 ლეგენდარულობის შენარჩუნებას?

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში BMW M3-მა უამრავი დიზაინერული ცვლილება განიცადა. ახალი M3 და M4 კი ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთ სეისმურ ცვლილებად გვევლინება. ამ დებულების განსამტკიცებლად წარსულში ვიმოგზაურებთ და ყველა თაობის M3-ს მიმოვიხილავთ.

E30 M3

BMW-ს თითქმის ყველა გულშემატკივარმა E30 M3-ის ისტორია იცის. ეს სარბოლო ავტომობილია, რომელიც საგზაო გამოყენებისთვის გადაეწყო. German Touring Car Championship-ში მონაწილეობის მისაღებად, BMW-ს სამოქალაქო გზისთვის ლეგალური ავტომობილის შექმნა დასჭირდა. პირველი თაობის M3-ის ფასი სარბოლო წარმომავლობის შესაბამისია და რაც უფრო მეტი დრო გადის მისი ღირებულება უფრო და უფრო იმატებს.

დიზაინერული კუთხით თუ შევხედავთ, პირველი თაობის M3-ს მის უახლეს თაობასთან საერთო თითქმის არ აქვს. ვერტიკალური დიზაინის ცხაურა რეტრო სტილის ერთ-ერთი დეტალია. დიდი ზომის ცხაურა BMW-ს ახალი დიზაინერული ნიშაა. ახალ M3-ს პირველ M3-ისგან სიმძლავრეც განასხვავებს. E30 2.3-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ახალი M3 კი 503 ცხენის ძალიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი. ვითომ გაზრდილი სიმძლავრე გაზრდილ ცხაურას უდრის?

E36 M3

ამ თაობის M3 იმ სეისმურ დიზაინერულ ცვლილებას წარმოადგენს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. M3 რბოლაზე ორიენტირებულობიდან, მარტივად აღსაქმელ, მაღალი წარმადობის მქონე მესამე სერიად იქცა. BMW-მ მოდელი ავტომატური ტრანსმისიითაც წარადგინა, რამაც წონის მატება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ავტომობილი 6-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით აღიჭურვა, რაც ძალიან მომხიდვლელი გახლდათ.

დიზაინი მაინც ავტოსპორტისგან იყო შთაგონებული, თუმცა, წინა თაობასთან შედარებით უფრო რბილი ფორმებით ხასიათდებოდა. ის 90-იანების სტილს ზუსტად ასახავს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ E36 M3 ყველაზე ნაკლებად სასურველი M3-ა. თუ თქვენ M-ის შეძენა გსურთ, E36-ის მოდელი ყველაზე იაფიანი ვარიანტია. ის M3-ის ოჯახში ყველაზე სუსტ ავტომობილად ითვლება. ახალი M3 და M4-ი კი არამგონია ასეთ მომავლისთვის იყვნენ შექმნილნი.

E46 M3

BMW-ს თემში E46 M3 ისტორიაში საუკეთესო მოდელად განიხილება. მას E36-ზე მეტი აგრესია, მაღალი ბრუნები და ატმოსფერული 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს. ავტომობილის მართვადობა და დინამიკურობა ჯერ კიდევ თანამედროვეობას შეესაბამება და სიძველე საერთოდ არ შეჰპარვია.

რა თქმა უნდა 6-სიჩქარიანი SMG კოლოფი არ არის საუკეთესო ტრანსმისია, თუმცა, ავტომობილი 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც გამოდიოდა. ამ ავტომანქანის დიზაინსა და პროპორციებს, წლების გასვლასთან ერთად, უფრო მეტად ვაფასებთ. ის უბრალოა და მასზე დრო საერთოდ არ მოქმედებს. აუცილებლად აღსანიშნავია მცირე ზომის ჰორიზონტალური ცხაურის ელეგანტურობაც.

E92 M3

ამ, მოდელში M3-ის თაობებს შორის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. BMW-მ M3-დან 6-ცილინდრიანი ძრავის ამოღება და მისი 8 ცილინდრიანი აგრეგატით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ავტომობილს კი საბოლოოდ ისეთი ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟეს, როგორიც M3-ის წარმადობას ეკადრებოდა.

მესამე სერიის ამ მოდელში დიზაინის ბასრი დეტალები უფრო დარბილდა. ის ელეგანტურობას უფრო ატარებდა, ვიდრე სპორტულობას. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი სპორტული კუპის სტატუსით გამოვიდა, მან ტურისტული გადაადგილებისთვის საჭირო შესაძლებლობების თავმოყრაც მოახერხა. გარდა ამისა, ის ბოლო M3-ა, რომელიც კუპეს სახელით გამოვიდა. როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო თაობის M3 Coupe-ს M4 დაერქვა. E92 M3 არ არის იმდენი ხნის, რომ მას ლეგენდარული ავტომობილი ვუწოდოთ. თუმცა, ავტომობილის 8-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 8 000 ბრუნზე მუშაობს, ავტომობილს ამ სტატუსის მიღებაში სამომავლოდ აუცილებლად დაეხმარება.

ამ თაობის M3-ის გარეგნობა ყველას მოსწონს, მაგრამ მისი შემდგომ თაობასთან შერკინება ნამდვილად რთული იქნება.

F80 M3

და აი M3-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრსაც მივადექით. მისი წარმოება 2020 წლის ბოლოს შეწყდება და ახალი მოდელით ჩანაცვლდება. F80 თაობის M3-ის დიზაინი და სტილი საყოველთაოდ აღიარებულია. ის სპორტული, თანამედროვე და თან კლასიკურია და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც M3-ის მიმართ შეიძლება გვქონდეს. F80 პირველი M3-ა, რომელსაც ტურბო დაბერვის ძრავა აქვს. BMW-მ ორი ცილინდრი ორი ტურბინით ჩაანაცვლა. ამ სვლამ კი მაბრუნი მომენტის კოლოსალური ზრდა გამოიწვია, ხოლო ცხენის ძალების რაოდენობა მცირედით გაიზარდა.

BMW მექანიკური გადაცემათა კოლოფს აღნიშნულ თაობაშიც გვთავაზობს. დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად კი ეს კულტურა ახალ მოდელშიც გაგრძელდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს F80 მოდელის ორმაგი მოჭიდების მქონე გადაცემათა კოლოფის წარმატებაც.

2021 წლის M3-სა და M4-ში ბევრ დიზაინერულ ცვლილებას უნდა ველოდეთ. სტატიის სათაურს კი პასუხი მაშინ გაეცემა, როდესაც ახალი მოდელები მიწოდებაში ჩაეშვება.

გაზიარება: