„ძველი ავტომობილები აღარავის შემოგვყავს — მოთხოვნაა ელექტროავტომობილებზე ამერიკიდან“ | Carmark-ის დირექტორი
ავტომობილების განბაჟების ახალი წესების ამოქმედების შემდეგ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ბაზარზე გამონაკლისად ელექტრომობილები და კლასიკური ავტომობილები რჩება. როგორც Carmark-ის დირექტორი, ირაკლი კუხიანიძე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიას 1-ლი აპრილის შემდეგ 6 წელზე მეტი ასაკის არც ერთი ისეთი ავტომობილი არ ჩამოუყვანია, რომლის განბაჟების ტარიფიც გაძვირდა.
მისი თქმით, გაზრდილი გადასახადის პირობებში მომხმარებლები უფრო მეტად ელექტრომობილებზე, ჰიბრიდებზე, კლასიკურ და 30 წლის ავტომობილებზე გადაერთნენ.
„ძველი ავტომობილები აღარავის შემოგვყავს. მე 1-ლი აპრილის შემდეგ 1 ავტომობილიც არ შემომიყვანია 6 წელზე დიდი წლოვანების. საუბარი მაქვს ავტომობილების იმ კატეგორიაზე, რომელსაც რეგულაციის მიხედვით განბაჟების მაღალი ტარიფი აქვს. ძირითადად ყიდულობენ 30 წლის ავტომობილებს, რადგან 30 წლის (1996 წლამდე) და მეტი ასაკის ავტომობილის შემოყვანა შეიძლება. ასევე, ძველ, კლასიკურ ავტომობილებს ყიდულობენ, რადგან ეს მიმართულებაც არის იაფი.
როგორც იცით, აქამდე შეზღუდული იყო 30 წლის ავტომობილების შემოყვანა. ახლა ორმაგად გაიხსნა. იგივე „დელიკები“, „ფორესტერები“ და ისეთი კატეგორიის მანქანები, რომელთა შემოყვანაც აქამდე არ შეიძლებოდა, კანონი რომ შეიცვალა, ახლა მსგავსი ავტომობილები მოჰყავთ.
შედარებით ძველი, 6 წელზე მეტი წლოვანების, ძირითადად მოჰყავთ ელექტროავტომობილები, მაგალითად, Tesla-ს 2017-18-წლიანი მანქანები. ეს იმიტომ, რომ ელექტროავტომობილები ფაქტობრივად გათავისუფლებულია გადასახადისგან და კანონში ჯდება. Tesla-ს შეკვეთები გვაქვს ძალიან ბევრი, სადღაც 30-40%-ით არის გაზრდილი და ასევე ელექტროავტომობილებზე ამერიკიდან“, — ამბობს ირაკლი კუხიანიძე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება ახალი წესების ამოქმედების შემდეგ გაძვირდა.
ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული ტარიფი ისედაც 1.5 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხო. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქამდე მოქმედი განბაჟების ტარიფი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაიზარდა — აქამდე მოქმედი წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.
ცვლილება შეეხო კლასიკურ და 30 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებსაც. კერძოდ, კლასიკური ავტომობილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ასაკობრივი ზღვარი 40 წლიდან 30 წლამდე შემცირდა. კანონის მიხედვით, კლასიკურ ავტომობილად ითვლება სატრანსპორტო საშუალება, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით აქვს ისტორიული ან კულტურული ღირებულება და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად.
კლასიკური ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1 ლარით არის განსაზღვრული.