რა ეტაპზეა აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო პროექტები?
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გზის 9 კილომეტრიანი (კმ9–კმ18) მონაკვეთის პერიოდული შეკეთება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კერძოდ, ამ ეტაპზე ხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების, გზასთან მიერთებებისა და შესასვლელების, გარე განათებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას, ასევე გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.

„ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მიმართულებაა. გზა ასევე უზრუნველყოფს კავშირს საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. ამჟამად გზის რამდენიმე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, დამატებით ორ მონაკვეთზე კი სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
პარალელურად, მიმდინარეობს ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის 6.5 კმ-იანი (კმ0–კმ6) მონაკვეთის რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, მდინარე სურამულაზე აშენდება ახალი ხიდი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გზასთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება გზის კიდევ ორ მონაკვეთზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2.2 კმ-იან მონაკვეთს (კმ60–კმ63). პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაიწყება დაახლოებით 3 კილომეტრიან (კმ56–კმ60) მონაკვეთზეც. უწყების განცხადებით, ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის რამდენიმე მონაკვეთის განახლება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს შორის გადაადგილების პირობებსა და საგზაო უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

რეგიონში ასევე მიმდინარეობს ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. გზის 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია, დარჩენილ 3 კმ-ზე კი სამუშაოები გრძელდება. პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა.
„ხულო–ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026–2027 წლებში იგეგმება“.
ასევე გრძელდება ზომლეთი–ხიხაძირის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გზის სავალი ნაწილისა და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული.
ასევე დაგაინტერესებთ: ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება
ბოლოს კი, უნდა აღინიშნოს ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა. პროექტი მოიცავს დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობას. ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით გზას საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს.