როუენ ატკინსონის უნიკალური Aston Martin-ი, სარბოლო წარსულითა და მოდიფიკაციებით
ბრიტანელი მსახიობი როუენ ატკინსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომოყვარულია და მისი კოლექციის შესახებაც არაერთი საინტერესო ისტორია გვსმენია. ერთ დროს, მისტერ ბინის ავტოფარეხში McLaren F1-იც კი ინახებოდა, რომლის ღირებულებაც დღეს 20 მილიონ ევროსაც აღწევს.

ატკინსონის ავტომობილების ისტორიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია Aston Martin V8 Zagato-ს. სწორედ ეს მოდელი ამჟამად გერმანიაში, კერძო კოლექციონერის მიერ გასაყიდადაა გამოტანილი. აუქციონი Aston Martin-ის უნიკალურ მოდელს 325 000 ევროდ აფასებს.
ეს კონკრეტული ეგზემპლარი, რომელიც წარსულში ატკინსონს ეკუთვნოდა, მოდელის პირველი წარმოებული ეგზემპლარია. 1986 წელს, ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურ წარდგენამდე, Aston Martin-მა მოდელის ორი პროტოტიპი გამოუშვა, რის შემდეგაც სწორედ ეს მანქანა გახდა პირველი სერიული ეგზემპლარი.
Aston Martin V8 Zagato ჯამში სულ სამი წლის განმავლობაში, 1986-დან 1989 წლამდე იწარმოებოდა, თან საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით. კომპანიამ ამ მოდელის სულ 89 ეგზემპლარი გამოუშვა — მათგან 52 კუპე, ანუ Hardtop-ი, ხოლო 37 ღია Volante ვერსია იყო.

თუმცა როუენ ატკინსონს ამ ისედაც ექსკლუზიური მოდელის სტანდარტული ვერსია არ აკმაყოფილებდა:
მაშინ, როდესაც ბრიტანელმა ავტომობილის მოდიფიცირება გადაწყვიტა, იშვიათი Aston Martin-ი უკვე მის საკუთრებაში იმყოფებოდა. თუმცა ატკინსონს არც ის სურდა, რომ იმ 89 ავტომობილიდან უბრალოდ ერთ-ერთი ჰყოლოდა, რომელიც დანარჩენ 88 ადამიანსაც ჰყავდა.
ატკინსონს კი უნდოდა, რომ მისი ავტომობილი რბოლებშიც გამოეყენებინა და, ამავდროულად, საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილებისთვის ლეგალურიც ყოფილიყო. ამისთვის მსახიობმა გადაწყვიტა, ტუნერების ნაცვლად პირდაპირ Aston Martin-ისთვის მიემართა.

Aston Martin-იც გამოწვევას დათანხმდა და ატკინსონის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილის გადაკეთებას შეუდგა. შედეგად, ქარხნული 432 ცხენის ძალის მქონე ძრავის სიმძლავრე 478 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მოდელს ბევრად მსუბუქი მინები, ასევე უსაფრთხოების კარკასი და სხვა დეტალები დაემატა.
უცნობია, თუ რა დაუჯდა ატკინსონს თავისი სურვილების სისრულეში მოყვანა, თუმცა ავტომობილის დოკუმენტაციაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი, მათ შორის, ფოტოსურათებით. გამოშვების დროისთვის Aston Martin V8 Zagato-ს ფასი 142,500 ევრო იყო, რაც დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 420,000 ევროს ექვივალენტია.

საინტერესოა, რომ მოდიფიცირებების შემდეგ, ატკინსონი ავტომობილს უკვე Aston Martin Owners Club-ის რბოლებში იყენებდა. უცნობია, თუ რომელ წელს გაყიდა მსახიობმა ავტომობილი, თუმცა ვიცით, რომ ის ამჟამადაც კერძო კოლექციონერის საკუთრებაშია.
ასევე დაგაინტერესებთ: მისტერ ბინის Peugeot 205 GTI გასაყიდადაა გამოტანილი
ავტომობილს ოდომეტრზე დაახლოებით 10,000 კილომეტრი აქვს გავლილი და გერმანელი კერძო კოლექციონერი მას 325 000 ევროდ ყიდის. ეს კი, მისი უნიკალურობისა და საინტერესო ისტორიის გათვალისწინებით, ბევრი კოლექციონერისთვის შესაძლოა მისაღები ფასიც იყოს.