წყალბადის ძრავა, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი
Aa
Aa

Toyota-მ დაადასტურა — 2028 წელს წყალბადზე მომუშავე Hilux-ის სერიული წარმოება დაიწყება

Toyota განაგრძობს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებას და ამჯერად ლეგენდარული პიკაპის, Hilux-ის წყალბადის ვერსიის ახალ თიზერს აქვეყნებს. იაპონური გიგანტი ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც მომავლის ავტოინდუსტრია მხოლოდ ელექტრომობილებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და წყალბადის ტექნოლოგიებს მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

ახალ თიზერში ნაჩვენები Toyota Hilux FCEV (Fuel Cell Electric Vehicle) ვიზუალურად ინარჩუნებს პიკაპისათვის დამახასიათებელ აგრესიულ და დაკუნთულ იერსახეს, თუმცა მის კაპოტქვეშ სრულიად განსხვავებული ინჟინერია იმალება. ტრადიციული შიგაწვის ძრავის ნაცვლად, ავტომობილი აღჭურვილია წყალბადის საწვავის ელემენტებით, რომლებიც ელექტროენერგიას წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური რეაქციით გამომუშავებენ. შედეგად, გამონაბოლქვის სახით ავტომობილი მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს.

პროექტის ფარგლებში Toyota აქტიურად იყენებს Mirai-ს მოდელზე დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას. წყალბადის ავზები სპეციალურად ჩარჩოს სტრუქტურაშია ინტეგრირებული, რათა არ შემცირდეს პიკაპის გამავლობა, სატვირთო პლატფორმის მოცულობა და ტვირთამწეობა, რაც Hilux-ის მფლობელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

წყალბადზე მომუშავე პიკაპის მთავარი უპირატესობა ჩვეულებრივ ელექტრომობილებთან შედარებით ავზის შევსების სისწრაფეა. ელემენტების ხანგრძლივი დამუხტვის ნაცვლად, წყალბადის ავზების შევსებას სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია კომერციული და შორ მანძილზე მომუშავე ტრანსპორტისთვის. Toyota-ს განცხადებით, Hilux FCEV-ის სერიული წარმოება (რომელიც 2028 წლისთვისაა მოსალოდნელი) და საცდელი პროექტები კიდევ ერთი ნაბიჯია ნულოვანი ემისიის მიღწევისკენ ისე, რომ ავტომობილის გამძლეობა და პრაქტიკულობა არ დაზარალდეს.

მსგავსი სიახლეები