2022 წლის BMW Alpina B8 Gran Coupe M8-ს მდიდრულ კონკურენციას გაუწევს
მის შეძენას ამერიკელებიც შეძლებენ.
BMW-ს მოდელებს Alpina, თავისი ემბლემით, განსაკუთრებულობას მუდმივად ანიჭებდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით, რომ მერვე სერიის Gran Coupe-ს Alpina მოდელი გზაში იყო. ახლა კი ეს დღეც დადგა. მის გამოსვლას პატარა სიურპრიზიც მოჰყვა. 2022 წლის BMW Alpina B8 Gran Coupe 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს და თითქმის M8 Gran Coupe Competition-ს უტოლდება.
უფრო დეტალურად კი Alpina B8, ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავით, 612 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუ ეს სპეციფიკაციები გეცნობათ გეტყვით, რომ სიმძლავრის ეს რაოდენობა უფრო დიდი ზომის ფლაგმანში, Alpina XB7-შია თავმოყრილი.
წარმადობისა და სვლის კუთხით კი Gran Coupe უფრო ბასრია. BMW აცხადებს, რომ Alpina B8 0-დან 100-მდე 3.3 წამში ჩქარდება და ის M-ის ემბლემიან კონკურენტს მცირედით ჩამორჩება. თუმცა, 323 კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარე მას უფრო წინ აყენებს.
Alpina-მ, როგორც ყოველთვის, ცვლილებები სხვა არეალებშიც შეიტანა. B8-ს დაკიდების სისტემა Eibach-ის ამორტიზატორებს და უფრო მყარ საკიდრის დგარებს მალავს. წინ დამონტაჟებული ჰიდროსაყრდენები კი სვლის კომფორტს აუმჯობესებს. გარდა ამისა, წინა ხიდისთვის გაძლიერდა განივი მდგრადობის სტაბილიზატორიც. ასევე, Alpina-მ საკუთარ თავზე, უკუკავშირის გასაზრდელად, Integral Active Steering სისტემის გადაპროგრამებაც აიღო.
როგორც ყოველთვის, Alpina-ს საფირმო დისკები ადგილზეა. ეს კონკრეტული მოდელი 20-სხივიანი 21-იანი დისკებით არის აღჭურვილი. მასზე Pirelli-ს რეზინაა გადაკრული, რომელიც სპეციალურად B8-სთვის შეიქმნა. 20-იანი დისკებისა და უნივერსალური საბურავების შეძენა შესაძლებელია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ Brembo-ს გაუმჯობესებული 4-პისტონიანი კალიპერებიც, რომელიც 600 ცხენის ძალის მოთოკვას მარტივად შეძლებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, B8 Gran Coupe აშშ-ს ბაზრისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. სადილეროებში მისი გამოჩენა გვიან გაზაფხულზე იგეგმება. საწყისი ფასი კი 139 000$-ს შეადგენს. შედარებისთვის გეტყვით, რომ სტანდატულ M8-ზე ეს 10 000$-ით ძვირია, თუმცა, M8 Gran Coupe Competition-ზე 3 000$-ით იაფი.