როლს-როისი, იაპონია, სუფთა ენერგია, წიაღისეული საწვავი
Aa
Aa

Rolls-Royce-ის ბირთვული ამბიციები | იაპონიასთან შეთანხმება გაფორმებულია

Rolls-Royce მხოლოდ მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი არაა: ბრიტანული კომპანია იაპონიასთან ერთად ბირთვული რეაქტორების განვითარებაზეც მუშაობს.

ბევრ ჩვენგანს Rolls-Royce-ს ხსენებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული მდიდრული და ძვირად ღირებული მოდელები გვახსენდება. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან არაერთ ექსკლუზიურ ავტომობილს სწორედ Rolls-Royce-ს ცნობილი ემბლემა ამშვენებს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კომპანიის საინჟინრო საქმიანობა ავტომობილების სეგმენტს მნიშვნელოვნად სცილდება — აეროკოსმოსურ ინდუსტრიასაც მოიცავს და, რეალურად, ის ბირთვული ინჟინერიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერიც გახლავთ.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი?

უახლესი პარტნიორობა კი Rolls-Royce-სა და იაპონიას შორის გაფორმდა. შეთანხმებაში ჩართულია მესამე პირიც — გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ბირთვული ლაბორატორია. აღნიშნული პარტნიორობის მიზანი ულტრათანამედროვე ბირთვული რეაქტორების ტექნოლოგიების, მათ შორის, მაღალტემპერატურული აირგაცივებადი რეაქტორების, განვითარებაა.

Rolls-Royce-სა და იაპონიას შორის გაფორმებულმა ახალმა შეთანხმებამ სოციალურ ქსელებში დიდი ყურადღება მიიპყრო და, უფრო მეტიც, ბევრი მომხმარებელი გაოცებულიც დატოვა. რეალურად საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, რომ Rolls-Royce-ს ბრიტანული წყალქვეშა ნავების ბირთვული ძალური დანადგარების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ამავდროულად, მდიდრული ავტომობილებით ცნობილი ბრიტანული კომპანია მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაციაც, თითქოს იაპონიამ რეაქტორების მშენებლობის პირდაპირ კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა სინამდვილეში, უახლესი გარიგება ამ ეტაპზე სრულად განსხვავებულ ფორმატს ატარებს, კერძოდ:

- მთავარი აქცენტი კვლევებზე კეთდება: უფრო ზუსტად, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ერთობლივ კვლევებზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და კოლაბორაციაზეა ფოკუსირებული.

- მშენებლობის პერსპექტივა: ამ ეტაპზე უშუალოდ რეაქტორების მშენებლობა დღის წესრიგში არ დგას.

აქვე, აუცილებელია ითქვას, რომ ბირთვული ენერგიის მიმართ დღეს ინტერესი არაერთი სახელმწიფოს მხრიდანაა გაზრდილი. მაშინ, როდესაც ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მიიწრაფვიან, ერთ-ერთ შედარებით სუფთა ალტერნატივად სწორედ ბირთვული ენერგია რჩება.

ასე რომ, იაპონია ერთადერთი სულაც არაა, რომელიც ბირთვული რეაქტორების განვითარების იდეას მიუბრუნდა და ამ მიდგომას არაერთი ევროპული ქვეყანაც იზიარებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალი თაობის რეაქტორები მათ იმედებს გაამართლებს, დიდი შანსია, რომ ისინი მომავალში სუფთა ენერგიის წარმოებაში გადამწყვეტ როლსაც ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები