ჯერემი კლარკსონის ყოფილი Ford GT აუქციონზე გამოტანამდე გაიყიდა
საავტომობილო კოლექციონერებისა და ჯერემი კლარკსონის ფანებისთვის საინტერესო ამბავი გვაქვს. 18 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვანის პირადი, ლეგენდარული 2006 წლის Ford GT აუქციონზე გამოჩნდა. ეს სიახლე დაემთხვა საკმაოდ მძიმე კონტექსტს — სულ რამდენიმე დღით ადრე, თავისი პოპულარული შოუს, Clarkson's Farm-ის მეხუთე სეზონის ფინალში, 66 წლის კლარკსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ამ ემოციური ფონის პარალელურად, საავტომობილო წრეებში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა ბრიტანული ელიტური სადილერო სახლის, Tom Hartley-ს ინსაიდერული ინფორმაციით, ავტომობილი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ იგი ოფიციალურ საჯარო გაყიდვამდე და სოციალურ ქსელებში გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე გაიყიდა კონფიდენციალურ მყიდველზე.

პირველი თაობის Ford GT (2005–2006) თავისთავადაც უიშვიათესი საკოლექციო მოდელია — ამერიკულმა ბრენდმა, თავისი საუკუნოვანი იუბილესა და 1960-იან წლებში ლე მანზე ფერარის განადგურების აღსანიშნავად, სულ 4 038 ეგზემპლარი გამოუშვა. თუმცა, კლარკსონის მანქანა კიდევ უფრო ექსკლუზიურია — ეს არის ევროპული სპეციფიკაციის მქონე მხოლოდ 101 მოდელიდან ერთ-ერთი. ასევე, ეგზემპლარი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ოდომეტრზე დაახლოებით 45 000 კმ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლარკსონი ამ მანქანას რეალურად მართავდა და ავტოფარეხში გამოკეტილი არ ჰყავდა.

კაპოტის ქვეშ ყველაფერი ქარხნულია — 5.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავი, რომელიც 550 ცხენის ძალასა და 678 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს და უკანა ბორბლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უკავშირდება.

საბაზრო ღირებულება და კლარკსონის ფაქტორი
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ფასი კონფიდენციალურია, ექსპერტების შეფასებით მანქანის ღირებულებამ მილიონს გადააჭარბა. ამერიკულ აუქციონებზე სტანდარტული, პირველი თაობის Ford GT-ები $500 000-ის ფარგლებში იყიდება (ხოლო იშვიათი Gulf შეფერილობის მქონე Heritage ვერსიები $1.3 მილიონსაც აღწევს). ევროპული ბაზრისთვის სიმცირე, უზადო ისტორია და პლანეტის ყველაზე გავლენიანი საავტომობილო ჟურნალისტის სახელი ამ კონკრეტულ ეგზემპლარს საკმაოდ აძვირებს...

ჯერემი კლარკსონმა მთელი კარიერა იმის მტკიცებას მოანდომა, თუ რომელი მანქანა იყო დაფასების ღირსი. ის ფაქტი, რომ მისი პირადი Ford GT ოფიციალურ გამოფენამდე რამდენიმე საათით ადრე მომენტალურად გაიყიდა, არის ბაზრის პირდაპირი პასუხი იმაზე, თუ რამდენად ძვირფასია მისი საავტომობილო მემკვიდრეობა.