ამერიკის შეერთებული შტატები, ტოიოტა, ნისანი, იაპონია
Aa
Aa

იაპონური პერფექციონიზმი | Toyota მომხმარებელს აშშ-ში აწყობილ ავტომობილებზე აფრთხილებს

იაპონელები რომ პერფექციონისტები არიან, ეს წესით სიახლე არავისთვის უნდა იყოს. სრულყოფილებისკენ მიმავალი იაპონური ავტობრენდები კი, როგორც ჩანს, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში აწყობილ თავიანთივე ბრენდის ავტომობილებსაც იწუნებენ და, უფრო მეტიც, მათ შესახებ მომხმარებლებსაც აფრთხილებენ. მიზეზი კი საკმაოდ მარტივია: Toyota და Nissan-ი თვლიან, რომ აშშ-ში აწყობილი მანქანები შესაძლოა ვიზუალურად სრულყოფილები არ იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენამდე?

Toyota-სა და Nissan-ისგან ოფიციალური გაფრთხილება ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლებმა მიიღეს. ეს კი საავტომობილო ინდუსტრიისთვის საკმაოდ იშვიათი პრეცედენტია. უფრო ზუსტად კი, იაპონურმა კომპანიებმა ადგილობრივი მომხმარებელი გააფრთხილეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აწყობილი ზოგიერთი მოდელი შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს იმ ესთეტიკურ სტანდარტებს, რომელთაც ისინი იაპონიაში მიეჩვივნენ... აქ ხომ ეს ყოველივე უბრალოდ „ერთი ჩვეულებრივი მოცემულობაა“.

დისკუსია კი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული მოდელების თანმხლებ დოკუმენტაციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც აშშ-სა და იაპონიაში წარმოებულ ავტომობილებს შორის პოტენციურ ვიზუალურ სხვაობაზე მიუთითებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გაფრთხილება სრულად არ ეხებოდა ამ ავტომობილების უსაფრთხოებას, მექანიკურ გამართულობას, ხარისხს ან თუნდაც საიმედოობას. იგი მკაცრად ესთეტიკურ მხარეზე იყო ფოკუსირებული, ხოლო თავის მხრივ, ამერიკულ ქარხნებში აწყობილი მოდელები გლობალურ რეიტინგებში გამძლეობით ისევ ტრადიციულად მაღალ პოზიციებს იკავებენ.

მაშინ, რა პრობლემა ჰქონდათ იაპონელებს?

ყველაზე საინტერესო სწორედ ესაა — გამომდინარე იქიდან, რომ იაპონური მომხმარებლისთვის ნებისმიერი დეტალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ავტომწარმოებლების ხაზს იმ წმინდად კოსმეტიკურ და ესთეტიკურ ნიუანსებზე უსვამენ, რომელთაც სხვა ბაზრებზე, ალბათ, ყურადღებას არც არავინ მიაქცევდა.

პირველი ძარის პანელების სიმეტრიაა: კერძოდ კი დაშორებები და გადაბმები ძარის დეტალებს შორის;

მეორე მთავარ პრობლემად იაპონელებმა უკვე საღებავის საფარი დაასახელეს: შეღებვის ფაქტურა და ხარისხი;

და ბოლოს, მიკროსკოპული ნიუანსები: ზედაპირული პოლირების კვალი ან უმნიშვნელო ვიზუალური უზუსტობები.

საავტომობილო ენთუზიასტთა აზრით, იაპონური ავტომწარმოებლების განცხადება არა ამერიკელი მუშების ან ქარხნების ნაკლოვანებაზე, არამედ უშუალოდ იაპონიაში არსებულ ხარისხის კონტროლის ფენომენალურად მაღალ კულტურაზე მიუთითებს.

აღნიშნულმა თემამ ინტერნეტსივრცეშიც გამოიწვია დისკუსია. ნაწილი ამბობდა, რომ იაპონიაში აწყობილი ავტომობილები კვლავ ინდუსტრიის ოქროს სტანდარტია, თუმცა მეორე მხარე იმასაც ამბობდა, რომ რეალურად Toyota-ს თანამედროვე ამერიკული ქარხნები უშვებენ ამ ბრენდის ყველაზე წარმატებულ და მაღალტექნოლოგიურ მოდელებს, ხარისხი კი ამერიკულ ობიექტებზე უმაღლეს დონეზეა დაცული.

 

მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ პოზიციას იზიარებს, ფაქტია, რომ საავტომობილო გიგანტების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის ქარხნებს შორის არსებული სხვაობების ღიად აღიარება უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. თუმცა მაინც, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? ამართლებთ იაპონელებს, თუ ეს უბრალო აკვიატებად მიგაჩნიათ?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები