გასულ წელს აშშ-ში 137 000 კატალიზატორი მოიპარეს — რომელ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას ქურდები?
კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს (და არამხოლოდ) კატალიზატორების ქურდობის ნამდვილმა ტალღამ გადაუარა, რაც ძირითადად მათში არსებულ ძვირფას ლითონებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. წლების შემდეგაც კი ეს პრობლემა არსად გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მეტალზე ფასებმა პიკიდან მკვეთრად დაიწია. ცალკეულ რეგიონებში სამართალდამცველები ქურდობის ახალ ტალღას აფიქსირებენ, ხოლო საავტომობილო პლატფორმა CARFAX-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის პირველსავე თვეებში ათასობით ერთეული კატალიზატორია მოპარული. ორგანიზაციის ბოლო ანალიზით, გასულ წელს აშშ-ის მასშტაბით 137 000-ზე მეტი ავტომობილი გაქურდეს.

ამ კრიმინალურ სქემაში მთავარი დარტყმა პიკაპებსა და SUV კლასის ავტომობილებზე მოდის, რასაც არა მისტიკური, არამედ წმინდა მექანიკური მიზეზი აქვს: მათ მაღალი კლირენსი აქვთ, რაც ქურდს საშუალებას აძლევს, ავტომობილის აწევის გარეშე, თავისუფლად შეძვრეს ძარის ქვეშ. აშშ-ში ყველაზე ხშირად გაძარცვული მოდელი Ford F-150-ია, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი მილიონი ასეთი პიკაპი დგას ამერიკის ქუჩებში. რეიტინგში მეორე ადგილზე Hyundai Tucson-ი იმყოფება, ხოლო მომდევნო პოზიციებს Ford Explorer-ი, Ram 2500, Chevrolet Silverado, Chevrolet Traverse, Ram 3500, Ford EcoSport-ი, Ford Expedition-ი და Chevrolet Trax-ი ინაწილებენ.
მიზეზი, რის გამოც კატალიზატორები კრიმინალებისთვის ასეთი მიმზიდველია, მათში არსებული სამი ძვირფასი მასალაა: პლატინა, პალადიუმი და როდიუმი. მხოლოდ გასულ წელს როდიუმის ფასი ორჯერ გაიზარდა და მარტში გრამზე 388 დოლარს მიაღწია. მართალია, ეს მაჩვენებელი შორს არის 2021 წლის ისტორიული პიკისგან, მაგრამ არსებული ფასიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქურდებმა ეს რისკიან ნაბიჯად არ მიიჩნიონ. ექსპერტების თქმით, თუ სტანდარტული კატალიზატორიდან ქურდს $25-დან $300-მდე მოგების ნახვა შეუძლია, ჰიბრიდული მოდელების დეტალები $1 400-მდეც კი იყიდება, რადგან მათში ძვირფასი ლითონების კონცენტრაცია ბევრად მაღალია.

პოლიციის მონაცემებით, დაზარალებული მძღოლებისთვის ზარალის ანაზღაურება და ახალი დეტალის დაყენება ხშირად 3 000 დოლარამდე ჯდება, რაც ყველაზე მძიმე ფინანსურ დარტყმას იმ მფლობელებს აყენებს, ვისაც სრული დაზღვევა არ აქვთ. საილსვილის პოლიციის დეპარტამენტის კაპრალმა, ანელიზ ბარეტმა აღნიშნა, რომ დამნაშავეებს კატალიზატორის მოსახსნელად სულ რამდენიმე წუთი სჭირდებათ, მფლობელებს კი ათასობით დოლარის სარემონტო ხარჯებს უტოვებენ. მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტების რაოდენობა როგორც ლოკალურად, ისე მეზობელ ქალაქებში საგრძნობლად გაიზარდა.

რა შეუძლიათ გააკეთონ ავტომფლობელებმა?
მიუხედავად იმისა, რომ ქურდობისგან თავის სრულიად დაზღვევა შეუძლებელია, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი რისკების შესამცირებლად. რეკომენდებულია ავტომობილის გაჩერება კარგად განათებულ და ხალხმრავალ ადგილებში, დაცული ავტოფარეხების გამოყენება ან პარკინგის ზონაში მოძრაობის სენსორული განათების დამონტაჟება. ზოგიერთი კომპანია კატალიზატორებისთვის სპეციალურ ლითონის დამცავ გალიებსა და ანტივანდალურ მოწყობილობებსაც კი ყიდის. გარდა ამისა, სამართალდამცველები გვირჩევენ ავტომობილის სიგნალიზაციის სენსორის მგრძნობელობის გაზრდას და კატალიზატორზე მანქანის საიდენტიფიკაციო კოდის (VIN) ამოტვიფრას, რაც პოლიციას მოპარული ნივთის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.