Aa Aa
3 აპრილი 2020  |  14:09

მსოფლიო ლიდერების 10 საუკეთესო ავტომობილი

როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ხარ, რა თქმა უნდა, იმ ავტომობილით ვერ ივლი, რომელიც ძველი დილერისგან იყიდე. საჭიროა მანქანა, რომელიც ყველა მოსალოდნელი და მოულოდნელი საფრთხისგან დაგიცავს. უსაფრთხოება მთავარი საკითხია, თუმცა ავტომობილის ექსტერიერიც მნიშვნელოვანია. თქვენ აქ ნახავთ 10 საუკეთესო ავტომობილს, რომლითაც მსოფლიო ლიდერები სარგებლობენ.

 

მუნ ჯე ინის HYUNDAI EQUUS

 

2013 წლიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოდიფიცირებული HYUNDAI EQUUS-ით დადის. გინდ დაიჯერეთ გინდა არა, მაგრამ ეს პირველი კორეული ავტომობილია, რომლითაც ქვეყნის ლიდერი სარგებლობს. წინა ლიდერები მხოლოდ Mercedes-Benz-ის და BMW-ს მარკის ავტომობილებით დადიოდნენ. 2013 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარ ქვეყანაში შექმნილი ბრენდის გამოყენება გადაწყვიტა.

 

ემანუელ მაკრონის DS 7 CROSSBACK

 

2017 წლის ინაუგურაციისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ ტრადიცია დაარღვია იმით, რომ გახდა პირველი ლიდერი, ვინც SUV-ით დადის. მანქანა DS-მა შექმნა და ეს არის საფრანგეთის პასუხი „როლს როისზე“. ეს ავტომობილი მაკრონის ინაუგურაციის შემდეგ არ გამოუყენებიათ. ის ახლა პარიზში DS-ის საგამოფენო ოთახშია.  ვინ იცის, თუ მაკრონი მეორედ მოიგებს არჩევნებს, შეიძლება ეს მანქანა კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

 

ანგელა მერკელის AUDI A8

Audi A8-ს კინო- და ავტომოყვარულები „რკინის კაცის“ მანქანის სახელით იცნობენ. მისით სარგებლობაზე არც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ქალი - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს უარს. ეს მანქანა აერთიანებს სტილს და პროფესიონალიზმს, რაც გერმანიის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

 

სი ძინპინის HONGQI L5

მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი 50-იანი წლებისას ჰგავს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ოფიციალური ლიმუზინი  2013 წელს გამოჩნდა. Hongqi ქვეყნის ელიტური და პრესტიჟული ბრენდია.  L5 მიიჩნევა, როგორც ყველაზე ძვირი ჩინური ავტომობილი. სი ამ მანქანით 2013 წლიდან დადის და, როგორც ჩანს, შეცვლას არც აპირებს. ინფორმაცია ამ მანქანის აღჭურვილობაზე მკაცრად დაცულია, თუმცა, სავარაუდოდ, ის კბილებამდე შეიარაღებულია.

 

ვლადიმირ პუტინის AURUS SENAT

Aurus Senat ჰგავს Rolls Royce Phantom-ს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ფუნქციებითაც. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მას ოფიციალურ ავტომობილად იყენებს.  ადრე ის „მერსედესით“ დადიოდა.

რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ მანქანას რუსეთის ლიდერი ატარებს, ამ ავტომობილს პოპულარობის მოპოვებაში  დაეხმარება და მისი ყიდვის მსურველთა რიცხვიც გაიზრდება, მაგრამ მყიდველები, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ იმ დაფარულ ფუნქციებს, რაც ამ მანქანას მხოლოდ პუტინისთვის აქვს.

 

რომის პაპის MERCEDES-BENZ M CLASS

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მანქანით დადის. ამ მანქანას ხშირად „პოუპმობილსაც“ ეძახიან. ამჟამად პაპი მაღალმოდიფიცირებული Mercedes M Class-ით დადის, რომელსაც უკანა ნაწილის ნაცვლად პლატფორმა უდგას, რომელიც გარშემორტყმულია ტყვიაგაუმტარი შუშით. ეს არის პაპის ავტომობილის აუცილებელი ელემენტი, მას შემდეგ, რაც 1981 წელს იოანე პავლე მეორეს მოკვლა სცადეს. 

ამჟამინდელი პაპი ფრანსისი უარს ამბობს ტყვიაგაუმტარი ავტომობილის გამოყენებაზე. მან თქვა: „მართალია, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამ ასაკში სიმართლე რომ ვთქვათ ბევრი არაფერი მაქვს დასაკარგი.“

 

კიმ ჩენ ინის MERCEDES-BENZ S600 PULLMAN

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის კიმ ჩენ ინის Pullman-ი ყველა ლიდერის მანქანისგან გამოირჩევა. ტოტალიტარული ქვეყნის სანქციების გამო „მერსედესის“ მსგავსი ბრენდები ჩრილოეთ კოარეში ხელმისაწვდომი არაა. ამ მანქანის ქვეყანაში შემოყვანა მარტივი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩრდილო კორეამ ხელი გერმანულ ფოლადს დაადო.

მთავარი მიზეზი იმისა, რომ Pullman-ი  მსოფლიო ლიდერებს შორის პოპულარულია, არის მისი შეუდარებელი ჯავშანი, რომელიც ტყვიას და ბომბებს უძლებს.

 

დედოფალ ელიზაბეტ მეორეს BENTLEY STATE LIMOUSINE



ეს ავტომობილი მის აღმატებულებას 2002 წელს იუბილეზე წარუდგინეს. Bentley State Limousine ინგლისის დედოფალის საყვარელი ტრანსპორტია.

ეს ავტომობილი მხოლოდ გარეგნულად ლამაზი არ არის. ის იმდენად მოდიფიცირებული და დაჯავშნულია, რომ შეუძლია ტერორისტულ თავდასხმას გაუძლოს. მანქანას გადმოტრიალების შემთხვევაში მგზავრებისთვის გამოსაძრომი გზაც აქვს.  სახურავი იმდენად ამაღლებულია, რომ დედოფალს ჩაჯდომისას და გადმოსვლისას დახრა არ მოუწიოს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  CADILLAC PRESIDENTIAL STATE CAR

მანქანა ზედმეტსახელად „მხეცი“ 2009 წელს ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალური ავტომობილი გახდა. 2018 წელს მას მოდიფიცირება „კადილაკის“ უახლესი დიზაინით გაუკეთეს. ორივე ავტომობილს „კადილაკის“ სედანების ელემენტები აქვს, რომელიც Chevy Suburban-ის და GMC Yukon-ის სრუქტურის მსგავსადაა აგებული.

„მხეცი“ უმაღლესი კლასის ავტომობილია. ყველა მხრიდან თხელი ჯავშანი აქვს. ავტომობილის შუშები და საბურავები ყუმბარის აფეთქებას უძლებს. უკიდურეს შემთხვევაში მანქანის მაცივარში პრეზიდენტის და პირველი ლედის სისხლის ტიპები დევს, რომელსაც  სხეულის დაზიანების შემთხვევაში მათ საიდუმლო სამსახური გადაუსხამს.  

 

იაპონიის იმპერატორის TOYOTA CENTURY ROYAL

 

TOYOTA CENTURY ROYAL სპეციალურად იაპონიის იმპერიული ოჯახისთვისაა შექმნილი. მაშინ, როცა  სტანდარტული Toyota Century უკვე ხელოვნების ნიმუშია, Royal ვერსია მისი ერთი ნაბიჯით გაუმჯობესებული მოდელია. მას უსაფრთხოების გარდა, ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. გრანიტის კიბეებით, ბრინჯის ქაღალდის ფარდებით და მატყლის საფარით ეს მანქანა ყველაზე ელიტური იაპონური სედანია.  4 ასეთი ავტომობილი „ტოიოტამ“ იმპერიული ოჯახისთვის 2006-2008 წლებში შექმნა და მას შემდეგ ეს მანქანები მხოლოდ ცოტათი თუ შეიცვალა. 

 

გაზიარება: