უსაფრთხოების ახალი ეტალონი: 2020 Honda Civic Si
იმისთვის, რომ 2020 წლის Honda Civic Si მოგეწონოს, ის პირადად უნდა გამოსცადო. ამ ფასში სხვა ვერც ერთი ალტერნატივა მსგავს შესრულებას ვერ გვთავაზობს. Civic Si სედანიცაა და კუპეც. ორივეს 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავა აქვს, რომელიც 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი მექანიკურია. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის დეტალები კითხვებს ბადებს, მისი მართვადობა ნებისმიერ მძღოლს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ავტომობილს მძღოლის დამხმარე სისტემებიც აქვს.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
2020 წლისთვის მანქანას არაერთი განახლება აქვს. ცვლილებები მოიცავს ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალებს, გადაცემათა კოლოფს, მძღოლის დამხმარე ფუნქციებს. წინა და უკანა ბამპერებიც განახლებულია. LED წინა მაშუქები სტანდარტულია. 18-ინჩიანი დისკებიც ახალია. ინტერიერში წითელი ფერის მეტი დეტალია, რაც მანქანის სალონს სპორტულ შეხედულებას აძლევს. ახალი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მანქანის აჩქარებაზე კარგად აისახა. 2020 წლის ყველა მოდელს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა აქვს.
ფასი
- Civic Si: $25,930
Civic Si-ს საწყისი ფასი $25,930-ია, $735-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის მოდელის. ფასის ზრდა განახლებებმა გამოიწვია. უფრო იაფია, ვიდრე მისი სპორტული კონკურენტები, მაგალითად, Volkswagen Golf GTI და Subaru WRX. Si კუპეს უფრო სპორტული შეხედულება აქვს, ვიდრე სედანს. სედანი მგზავრებისთვის სივრცეზეა ორიენტირებული და უფრო ეკონომიურიცაა. ერთადერთი აზრიანი ცვლილება, რისი შეტანაც შეგიძლიათ, ზაფხულის საბურავების ყველა სეზონის საბურავებით შეცვლაა.
ძრავა და მართვადობა
Civic Si-სთვის მხოლოდ ერთი აგრეგატია ხელმისაწვდომი და ის ძალიან კარგია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ ბრუნვაზე ტურბოს ძრავი რეაგირებას აგვიანებს. მექანიკური გადაცემათა კოლოფი კარგი გასართობია. Si-ს 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავა აქვს, რომელიც 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანა საკმაოდ მსუბუქია და, ალბათ, მეტი სიმძლავრე უკვე გადაჭარბებულიც იქნებოდა. 0-100კმ/სთ-ამდე 6.4 წამში ადის. ეს უფრო მეტია, ვიდრე ზოგი მისი უფრო მეტ ცხენისძალიანი კონკურენტის აჩქარება. გადაცემათა კოლოფი და ძრავა ერთად კარგად მუშაობს. Si იმ მანქანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მაღალ სიჩქარეზე თქვენი შეშინება, ხოლო დაბალ სიჩქარეზე დამშვიდება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ Civic-თან დეტალებს იზიარებს, მისი დაკიდების სისტემა უფრო ხისტია. უსწორმასწორო ზედაპირს იმდენად კარგად უმკლავდება, რომ გავიწყდებათ სინამდვილეში რისთვისაა ეს ავტომობილი შექმნილი. გაგიკვირდებათ, რამდენად კარგად შედის მოსახვევებში და რა კარგად რეაგირებს საჭე.
საწვავის მოხმარება
2020 წლის Honda Civic Si ერთდროულად სასიამოვნოცაა და ეკონომიურიცაა. EPA-ს შეფასებით, 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრ საწვავს, ტრასაზე კი 6.5 ლიტრს მოიხმარს.
ექტერიერი, ინტერიერი და კომფორტი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლის Honda Civic Si სედანიცაა და კუპეც. სედანი ელეგანტურად გამოიყურება, კუპეს კი უფრო სპორტული შესახედაობა აქვს. სედანს შედარებით მცირე ზომის უკანა ფრთა აქვს, კუპეს - უფრო სპორტული. ორივე მოდელს მცირე ზომის ცხაურა აქვს, თუმცა კუპეზე უფრო აგრესიულად გამოიყურება. ამ მანქანის ინტერიერმა შესაძლოა ერთი შეხედვით დიდი გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ, თუ დეტალებს კარგად დააკვირდებით, შესაძლოა შეგიყვარდეთ კიდეც.
Si-ს ინტერიერი საკმაოდ ტევადი და კომფორტულია. ის ფაქტი, რომ პაკეტების არჩევა ხელმისაწვდომი არაა, ნიშნავს იმას, რომ მძღოლებს ყველა შემთხვევაში ვიწრო სპორტულ სავარძელში ჯდომა მოუწევთ. ასეთი სავარძლები გემოვნების საკითხია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მანქანის უკანა ფრთა მხედველობის არეს ზღუდავს, რაც ცოტათი გამაღიზიანებელია. სედანს ფეხისთვის უფრო დიდი სივრცე აქვს, ვიდრე კუპეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუპეშიც ეს სივრცე უფრო დიდია, ვიდრე ზოგ 4-კარიან ავტომობილში. სედანისთვის და კუპესთვისაც საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, თუმცა ჰეჩბეკებს ვერ შეედრება, მაგალითად, VW Golf GTI-ს.
საინფრომაციო-გასართობი სისტემა
Civic Si-ს საინფორმაციო-გასართობი სისტემა შესაძლოა 2020 წლისთვის უბრალოდ მოგეჩვენოთ და რამდენიმე დეტალიც აკლია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია ადგილზეა. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. USB-ს ორი პორტი და ბლუთუზიც აქვს.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
Honda Civic Si-მ NHTSA-სგან 5 ვარსკვლავი დაიმსახურა, მაგრამ IIHS-სგან უმაღლესი შეფასება ვერ მიიღო. მანქანას მძღოლის დამხმარე ბევრი ფუნქცია აქვს. მათ შორის Honda-ს LaneWatch სისტემა, რომელიც უხილავი წერტილის მონიტორინგივით მოქმედებს და ცენტრალურ ეკრანზე მგზავრის მხარეს გიჩვენებთ მაშინ, როცა მარჯვნივ მოხვევის სიგნალს რთავთ. სხვა ძირითადი უსაფრთხოების ფუნქციებია:
- წინა შეჯახების გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭება;
- ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა;
- ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი.
შეჯამება
2020 წლის Honda Civic Si იმ მანქანათა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. იმისთვის, რომ მან თქვენი გული დაიპყროს, მისი მართვა უნდა გამოსცადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძრავის მხოლოდ ერთი არჩევანია, უსაფრთოების ფუნქციებთან ერთად, მანქანის მთავარი უპირატესობა მაინც ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შეთანხმებული მუშაობაა. ავტომობილში მგზავრებისთვის და ბარგისთვის საკმარისად დიდი სივრცეა და ეს სედანისა და კუპეს შემთხვევაშიც ასეა. მანქანა თავის ღირებულებას სრულიად ამართლებს. თუ სპორტული შეხედულება უფრო გიზიდავთ, მაშინ კუპე უკეთესი არჩევანია. ხოლო, თუ უპირატესობას ელეგანტურობას ანიჭებთ, მაშინ სედანი თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.