ინოვაციური ჰიბრიდული ძრავა, რომელიც ბენზინზე და თხევად ნავთობზე მუშაობს
საავტომობილო სამყაროში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია რუმინეთიდანაა: მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების LPG (თხევადი ნავთობის აირი) პირდაპირი ინექციის ძრავა. პროექტი Horse Technologies-ს, დაბალემისიურ ძრავებზე ორიენტირებულ კომპანიას ეკუთვნის. Horse ორი ავტომწარმოებლის, Renault Group-სა და Geely Fund-ს შორის ერთობლივი საწარმოს შედეგად შეიქმნა - ახალი თაობის შიგაწვისა და ჰიბრიდული ძრავების წარმოებისთვის.
მთავარი პროდუქტი კი HR12 LPG-ია, ტურბო დამუხტვის 1.2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავა, რომელიც ბენზინსა და LPG-ზე მუშაობისთვისაა განკუთვნილი. ამ ძრავის რევოლუციური ბუნება ორი ტიპის საწვავის გამოყენების გარდა, ინოვაციურ ტექნოლოგიაში მდგომარეობს, რომელიც თხევადი ნავთობისთვის პირდაპირ ინექციას გულისხმობს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტა ამ დრომდე მასობრივი წარმოების ძრავებში არ გვინახავს.
ამასთან ერთად, ახალი ძრავა 48-ვოლტიან მაილდ-ჰიბრიდ სისტემას აერთიანებს - ღვედურამძრავიანი სტარტერ გენერატორით და DC/DC გადამყვანით, რათა აჩქარების დროს დამატებითი ბრუნვის მომენტი უზრუნველყოს, შეამციროს საწვავის მოხმარება და CO2-ის გამონაბოლქვი. ძრავა 5 500 ბრ/წთ-ზე 138 ცხენის ძალას და 230 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ხოლო LPG-ზე მუშაობისას ძრავა ბენზინთან შედარებით CO2-ის გამონაბოლქვს 9 პროცენტით ამცირებს.
LPG საწვავის სისტემა მთლიანად შეცვლილია: ძრავას სპეციალურად შემუშავებული პირდაპირი ინექციის სისტემა აქვს, ზუსტი კონტროლისთვის ელექტრონული ვაპორიზატორით და ძრავის უფრო ძლიერი ნაწილებით. LPG ავზი სათადარიგო საბურავის განყოფილებაშია მოთავსებული, ამიტომ სალონის სივრცე იგივე რჩება.
ამჟამად, LPG-სთვის მასობრივი წარმოების პირდაპირი ინექციის ძრავები არ არსებობს. ორსაწვავიანი (ბენზინი/LPG) ძრავების უმეტესობა კვლავ არაპირდაპირი ინექციის ტექნოლოგიას იყენებს. ამ დროს, LPG-ის ცილინდრებში მოხვედრამდე ჰაერი ერევა, რაც მის ეფექტიანობას ამცირებს.
რუმინეთში შემუშავებული HR12 LPG ძრავა შეესაბამება Euro 6e სტანდარტს და ერგება მომდევნო Euro 7-ის სტანდარტებსაც. ინოვაციური ძრავა Horse-ის ქარხანაში მზადება და მისი საწარმოო მოცულობა წელიწადში 450 000 ერთეულს შეადგენს.