საავტომობილო ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები | ვინ რამდენი გამოიმუშავა?
საავტომობილო გამოცემა Automotive News-მა იმ აღმასრულებელი დირექტორების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 2024 წელს საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი თანხები გამოიმუშავეს. თუმცა, აღნიშნული რეიტინგი არ მოიცავს მხოლოდ ავტომწარმოებლებს და იმ კომპანიებსაც აერთიანებს, რომლებიც გარკვეულწილად ჩართულნი არიან წარმოებისა და მიწოდების პროცესშიც. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელ აღმასრულებლებს შორის, ყველაზე მეტი გასულ წელს ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის, Nvidia-ს წარმომადგენელმა მიიღო.
საერთო ჯამში, გამოცემამ 61 მომწოდებელი გამოკითხა - დაწყებული საჯარო დილერების ჯგუფებით და მობილობის სერვისებით და დამთავრებული მომსახურების სერვისის მიმწოდებელი კომპანიებით. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელებისთვის მთლიანი შემოსავალი არ შემოიფარგლება მხოლოდ საბაზისო ანაზღაურებით - ეს მოიცავს ბონუსებსაც, აქციების ოფციონებიდან შემოსავალს და ა.შ.
როგორც აღინიშნა, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, გასაკვირი არცაა, რომ ამერიკელ ხელმძღვანელებს შორის პირველი ადგილი Nvidia-ს იენსენ ჰუანგს უკავია. მისმა შემოსავალმა გასულ წელს $198 მილიონს მიაღწია. მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია $288 მილიონზე, რომელიც მან 2023 წელს გამოიმუშავა.
მეორე ადგილზეა Uber Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროვშაჰია, რომელმაც აქციების ოფციონების წყალობით თითქმის $115 მილიონი გამოიმუშავა. შემდეგია Eaton Corporation-ის წარმომადგენელი კრეიგ არნოლდი - $60 მილიონით.
General Motors-ის ხელმძღვანელი მერი ბარა, ერთ-ერთია იმ ორ ქალს შორის, ვინც ათეულში მოხვდა და მეშვიდე ადგილს იკავებს. გასულ წელს, General Motors-ის აღმასრულებელმა $29.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც საავტომობილო კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორის ტიტული მოიპოვა. ბარას, $27.6 მილიონის შემოსავლით, მოსდევს Ford-ის წარმომადგენელი ჯიმ ფარლი. ორივე მათგანის შემოსავლები 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.
თანამდებობიდან გადადგომამდე $23.9 მილიონი გამოიმუშავა Stellantis-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა. მიზეზი, რის გამოც ის სიაში მოხვდა არის ის, რომ Stellantis-ი ტექნიკურად ამერიკული კომპანია არაა, მიუხედავად Dodge-ის, Chrysler-ისა და Jeep-ის აქციების ფლობისა.
ამასობაში, Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერ-ჯეი სკერინჯის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2023 წელს მან $1.3 მილიონი გამოიმუშავა, ახლა სკერინჯის შემოსავალი თითქმის $14 მილიონამდეა გაზრდილი, რაც კომპანიის დადებით შედეგებზეც მიუთითებს.
რაც შეეხება Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს: მილიარდერს გასულ წელს თანხა არ მიუღია მას შემდეგ, რაც ანაზღაურების გეგმასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. ეს მოცემულობა, სავარაუდოდ, ამ დავის გადაწყვეტასთან ერთად შეიცვლება.
საავტომობილო ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელების რეიტინგი კი შემდეგნაირია:
- Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი: $197.6 მილიონი
- Uber Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროვშაჰი: $114.9 მილიონი
- General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა: $29.8 მილიონი
- Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი: $27.6 მილიონი
- Stellantis-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კარლოს ტავარესი: $23.9 მილიონი
- Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორი ერ-ჯეი სკარინჯი: $14 მილიონი