მოდური და ხელმისაწვდომი: 2019 Fiat 500 Abarth
ზოგადი მიმოხილვა
Fiat 500 საკმაოდ პოპულარული ავტომობილია. მათ შორის საქართველოშიც. დედაქალაქის ქუჩებში ამ ავტომობილს ხშირად შეხვდებით. მისი მცირე გაბარიტებით, კარგი მართვადობით და მიმზიდველი იტალიური გარეგნობით ის ყოველდღიურობაზე მორგებული და საზოგადოებისთვის სასურველი ავტომობილია. ამ ავტომობილის მფლობელთა უმეტესობა კი მასში უფრო მეტს ხედავს, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალებას.

ძრავა და მართვადობა
მინიატურული Fiat 500 ველურ ჰოთ-როდ „აბარტად“ გადაიქცა, რომლის გულიც 160-ცხენისძალიანი, ტურბოდაბერვის მქონე 1.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა. კუპე და რბილსახურავიანი მოდელებიც ხელმისაწვდომია. „აბარტი“ თავისი ქარიზმით ნამდვილად განსაკუთრებულია.
ეს ავტომობილი მხიარული, თუმცა არც თუ ისე სწრაფია. 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სტანდარტულია. შეგიძლიათ 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც აირჩიოთ. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელი 160 ცხენის ძალას აწარმოებს, ხოლო ავტომატურის - 157-ს. თუ გსურთ, რომ მართვით ისიამოვნოთ, მექანიკური გადაცემათა კოლოფი უკეთესი არჩევანია. ძრავის ხმა მომაჯადოებელია. ამ ავტომობილის მასის 64 პროცენტი წინა ნაწილზე მოდის. მოსახვევებს კარგად უმკლავდება. დადაბლებული და ხისტი დაკიდება „აბარტის“ მართვას უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის. რა თქმა უნდა, ჰიბრიდივით ეკონომიური არაა, მაგრამ არც თუ ისე ბევრს საწვავს მოიხმარს. ქალაქში 100 კილომეტრზე დაახლოებით 8.5, ტრასაზე კი - 5.4 ლიტრ საწვავს ხარჯავს.

ინტერიერი
2019 წლის „აბარტში“ ინტერიერი თითქმის შეუცვლელია. ავტომობილის დიზაინში ხშირად შევხვდებით წითელ ფერს. ამ ფერშია გაფორმებული ინტერიერის ნაწილი და ექსტერიერის დეტალებიც. წითელი სუპორტი 16-იანი დისკების ქვეშ იმალება. ამავე ფერის სავარძლები კარგად გამოიყურება, თუმცა არც თუ ისე კომფორტულია. სალონი ორი ადამიანისთვისაც კი ვიწროა და 4 ადამიანის დატევა ნამდვილი გამოწვევაა. შესაბამისად, ეს ავტომობილი არაა მათთვის განკუთვნილი, ვისთვისაც მგზავრების გადაყვანა პრიორიტეტულია. ასეთ შემთხვევაში Volkswagen Golf GTI ან Honda Civic Si კარგი ალტერნატივაა. საჭე ტყავითაა დაფარული. მძღოლის სავარძელი ყველასთვის მოსახერხებელი არაა. საჭის აწევა და ჩამოწევა შესაძლებელია, გამოწევა და შეწევა - არა.
აღჭურვილობები
2019 წლის მოდელი თანამედროვეობას ფეხს უწყობს. „აბარტს“ თან ბევრი აღჭურვილობა მოჰყვება: 5-ინჩიანი სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემა, უკანა პარკირების სენსორი, ციფრული მაჩვენებელთა დაფა და მუხრუჭების ალუმინის საფარი. უნდა აღინიშნოს, რომ საინფრომაციო-გასართობი სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა არც თუ ისე მულტიფუნქციურია.
ავტომატური კლიმატკონტროლი, წინა სავარძლების გათბობა, SiriusXM სატელიტური რადიო, ტყავის საფარი, ნავიგაცია და ლიუკი დამატებითი ფუნქციებია.

შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ 2019 Fiat 500 Abarth სისწაფით და სალონის მოსახერხებლობით ვერ დაიკვეხნის, ეს ავტომობილი ბევრი ადამიანისთვის მართლაც იკონურია. სამწუხაროდ, „ფიატმა“ განაცხადა, რომ 500-ის და 500 Abarth-ის წარმოებას შეწყვეტს, თუმცა სანამ დროა, შეგვიძლია დროში გამოცდილი პატარა მონსტრით დავტკბეთ . საბაზრო კომპლექტაციის ფასი 22, 240$-ია, მაგრამ ამ მანქანაში გადახდილი თითოეული კაპიკიც კი წყალში გადაყრილად არასდროს მოგეჩვენებათ.
