კვლევა, ელექტრომობილები, ბიემვი, მერსედესი, საიმედოობის ტესტი
Aa
Aa

BMW თუ Mercedes-ი? | საიმედოობის ტესტს ერთი უპირობო გამარჯვებული ჰყავს

გერმანული ავტოგიგანტების პაექრობა, რომელიც სამყაროს ორ ძირითად ნაწილად ჰყოფს, აქტუალობასა და სიმძაფრეს არასდროს კარგავს. რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს ავტოსამყაროს ორ მარადიულ მეტოქეზე — BMW-სა და Mercedes-ზე, რომლებიც ამჯერად საიმედოობის ტესტში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა, შედეგებით ბევრი გაკვირვებული დარჩება: ამ დაპირისპირებას ამ ეტაპზე ერთი უპირობო გამარჯვებული ჰყავს.

Consumer Reports-ის თანახმად, ამ ორ გერმანულ ავტომწარმოებელს შორის თითქმის ყველა მაჩვენებლით, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიაში, მხოლოდ ერთი ლიდერი იკვეთება — SUV-ებით დაწყებული, ელექტრო სედანებით დასრულებული. ექსპერტები კი ამ ლიდერობას ერთ კონკრეტულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.

ცნობისთვის, Consumer Reports-ი დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ანონიმურად ყიდულობს და ტესტავს ავტომობილებს, პარალელურად კი მანქანების ფლობის გამოცდილებაზე მონაცემებს ასობით ათასი მძღოლისგან აგროვებს. მსგავსი მიდგომა ანგარიშის მიუკერძოებლობის შანსს ერთიორად ზრდის.

Consumer Reports-მა საიმედოობის ქულები BMW-სა და Mercedes-ის რამდენიმე მოდელისთვის შეამოწმა და მიღებული შედეგები ერთმანეთთან ახლოსაც კი არ აღმოჩნდა. დავიწყოთ BMW X5-ით, რომელმაც Mercedes GLE თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნა. საბოლოო შედეგებით, მისი საიმედოობის ქულაა 82/100, Mercedes-ის 45/100-ის წინააღმდეგ.

CR-მა მსგავსი შედეგები მიიღო X5-ისა და GLE-ის „უმცროსი ძმებისთვისაც“: BMW X3-მა 100-დან 63 ქულა დაიმსახურა, მაშინ როდესაც Mercedes GLC-მა 100-დან მხოლოდ 40 ქულა მიიღო. ვითარება არც საშუალო ზომის სედანებში შეცვლილა. 3 Series-ისა და C-Class-ის შედარებისას, BMW-მ 59/100 მიიღო — რაც, დაგვეთანხმებით, იდეალური შედეგი არ არის, თუმცა მნიშვნელოვნად სჯობს C-Class-ს, რომელმაც მხოლოდ 19 ქულა დააგროვა. დიდ მოდელებში კი, სადაც ერთმანეთს მეხუთე სერია და E-Class-ი დაუპირისპირდნენ, შესაბამისად, 66/100 და 34/100 ქულა მივიღეთ.

ბევრად უფრო რთული ვითარებაა ელექტრომობილების შემთხვევაში. ეს უკანასკნელი, კატეგორიებისა და მოდელების მიუხედავად, Consumer Reports-მა ერთად დააჯგუფა. შედეგად, BMW-მ თავისი EV ასორტიმენტით (i4, i5 და iX) 100-დან 78 ქულა აიღო, Mercedes-მა კი — მხოლოდ 27 ქულა.

Consumer Reports-ის მონაცემების თანახმად, BMW ამჟამად საიმედოობის მაჩვენებლით პირველ ათეულშია, მაშინ როდესაც მისი პირდაპირი კონკურენტი Mercedes-ი პოზიციებს კარგავს. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოყოფენ, რომლებმაც, მათი აზრით, გერმანულ მარკებს შორის მსგავსი სხვაობა გამოიწვია:

პირველი — MBUX სისტემაა, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. რეალურად, Mercedes-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც Apple CarPlay-ისთვის კონკურენციის გასაწევად მსგავსი სისტემის შექმნა სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მარტივი საქმე არ ყოფილა.

მეორე — პლატფორმისა და ელექტრონული სისტემების კომპლექსურ გაუმართაობას უკავშირდება. მაგალითად, მძღოლები ხშირად ჩივიან, რომ EQ მოდელებში (როგორც სედანებში, ისე SUV-ებში) თერმული მართვის სისტემა ხარვეზებით მუშაობს. ეს კი ბატარიის ეფექტიანობასა და დამუხტვის პროცესზეც მოქმედებს. შედეგად, ამ მარკის ავტომობილების საერთო საიმედოობის მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს. 

ამავდროულად, BMW-ს უკეთესი შედეგები, სავარაუდოდ, ელექტრო და ჰიბრიდულ პლატფორმებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებასაც უკავშირდება, რადგან გერმანელების პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილი i3, ისევე როგორც i8, ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა. გარდა ამისა, კომპანია საერთო პლატფორმებს იყენებს ელექტრომობილებისთვის, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე და ჰიბრიდული მოდელებისთვის. ეს კი ავტომწარმოებელს გამოცდილების გაზიარებასა და ბევრად მოქნილი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები