Aa Aa
29 დეკემბერი 2021  |  17:18

ყველაფერი, რაც შუმახერის ჯანმრთელობაზე ტრაგედიიდან 8 წლის შემდეგ ვიცით

29 დეკემბერი ავტოსპორტის მოყვარულთათვის სევდიანი დღეა. ამ დღეს ფორმულა 1-ის 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა, საფრანგეთში ალპებში სრიალის დროს თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

„ის თხილამურებზე ჩვეულებრივ დაღმართზე სრიალებდა. თოვლში ჩავარდნილ მეგობარს დაეხმარა, ქვას წამოედო და თავით დაეცა. მას ძალიან არ გაუმართლა, რადგან ის სწრაფად არ მოძრაობდა“, - ასე აღწერა მომხდარი მისმა მენეჯერმა საბინა კემმა.

ლეგენდარულმა პილოტმა ხელოვნური კომა და ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევამ თავის ტრავმის გარეშე ვერ ჩაიარა.

„შუმახერმა სერიოზული ტრავმა მიიღო. როცა საავადმყოფოში მოიყვანეს, ის ძლიერ შოკში იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო და სასწრაფოდ ხელოვნურ კომაში ჩავაგდეთ. ნეიროქირურგიული ჩარევით ჩვენ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ. სწრაფად უნდა გვემოქმედა და თავის ქალის წნევა დაგვეგდო. სამწუხაროდ, მას ტვინის დაზიანება აქვს“, - განაცხადა საავადმყოფოს პრესსამსახურმა ტრაგედიიდან მეორე დღეს.

კომიდან ის ჯერ კიდევ 2014 წლის 6 აპრილს გამოვიდა. იმავე წელს მისმა ყოფილმა გუნდელმა ფელიპე მასამ დაადასტურა, რომ „წითელი ბარონი“ ხმებზე რეაგირებდა.

„თავიდან მიხაელი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებდა. ბოლო სტუმრობის შემდეგ კი შევამჩნიე, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. მის ოჯახის წევრებში გარკვეული შვება ვიგრძენი“, - თქვა ბრაზილიელმა პილოტმა.   

2014 წლის 18 ივნისს საავადმყოფომ დაადასტურა, რომ მიხაელი გონს მოდიოდა.

„დრო და დრო გონს მოდის. არ ლაპარაკობს, მაგრამ გარემოსთან კავშირი აქვს. ოჯახი და ექიმები მას ელაპარაკებიან. თუმცა, მალე იღლება და დასვენება უნდა“.

იმავე წლის 9 სექტემბერს მიხაელი სახლში დაბრუნდა, რომელიც ჟენევას მდინარის პირას მდებარეობს. მუდმივი მეთვალყურეობისთვის მას 15-წევრიანი სამედიცინო გუნდი მიამაგრეს.

მას შემდეგ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია და ჩვენამდე მხოლოდ მცირედი ინფორმაცია აღწევს. ოჯახი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცული იყოს. მის ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმ ადამიანებისგან ვიგებთ, რომელსაც მისი ნახვის ნება დართეს.

მაგალითისთვის 2016 წელს მას რომის პაპ ბენედიქტ მეთექვსმეტეს პირადი მდივანი გეორგ გენშვაინი ესტუმრა:

„მე მის პირისპირ ვიჯექი და ხელი მეჭირა. შევხედე და ჩემთვის კარგად ნაცნობი მიხაელ შუმახერის სახე დავინახე. იმ განსხვავებით, რომ ის ცოტა უფრო სავსე გახდა. ის გრძნობს, რომ მის გარშემო მოსიყვარულე ხალხია, რომლებიც მასზე ზრუნავენ. მადლობა ღმერთს, მას სანახაობის მოყვარული ხალხისგან იცავენ. იქვე არ ვილოცე, რადგან არ ვიცოდი უნდოდა თუ არა ეს მიხაელს. აშკარაა, რომ მიხაელი აღიქვამს, რა ხდება მის გარშემო და თავის თავს ესაუბრება. იგრძნობოდა, რომ ოჯახთან სიახლოვე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დავადასტურებ: შვეიცარიაში მიხაელთან ერთად ბრაზილიის გრან პრის ვუყურე“, - გაახარა გულშემატკივრები FIA-ს ბოსმა და Ferrari-ს ყოფილმა მენეჯერმა ჟან ტოდმა 2018 წლის დეკემბერში.

2019-2020 წლებში ინფორმაცია ექსპერიმენტული მკურნალობის შესაძლებლობაზე ვრცელდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორები გამოდგა.

კიდევ რა ვიცით მისი ჯანმრთელობის შესახებ? ბევრი არაფერი გარდა იმისა, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ფლავიო ბრიატონე ელიზაბეტ გრეგორაჩიმ, „ბენეტონის“ გუნდის ყოფილმა მენეჯერმა, იტალიურ გამოცემასთან თქვა:

„ის არ საუბრობს, თვალებით კონტაქტობს. ისინი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდნენ და მისმა მეუღლემ სახლში საავადმყოფო მოაწყო.

ამ ვერსიას ის სიახლეც ადასტურებს, რომ მისმა ოჯახმა შვეიცარიაში ტბასთან სახლში €59 მილიონად გაყიდა.

„მიხაელს ხშირად ვნახულობ. მასთან თვეში ორჯერ დავდივარ. ის ბრძოლას აგრძელებს და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მას და მის ოჯახს სიტუაციის გაუმჯობესება ვუსურვოთ. მას გარს მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები ჰყავს. და, დიახ, რა თქმა უნდა, მისი შვილის კარიერას თვალს ადევნებს“, - ამბობს ჟან ტოდი.

როგორც ჩანს, შუმახერმა კომუნიკაციის უნარი ჯერ სრულად ვერ დაიბრუნა.

მაგალითად, მისმა შვილმა, ფორმულა 1-ის ახალბედა პილოტმა მიკ შუმახერმა „ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში თქვა:

„მგონია, მე და მამა ერთმანეთს სხვანაირად გავუგებდით. რადგან ორივე ერთ, ავტოსპორტის, ენაზე ვსაუბრობთ.  მეტი სალაპარაკო თემა გვექნებოდა. მე ახლა მხოლოდ რბოლაზე ვფიქრობ და ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ამისთვის ყველაფერს გავიღებდი.

მას შემდეგ, რაც ეს შემთხვევა მოხდა, მომენტები (სარბოლო კარიერის), რომლებსაც სხვები მშობლებთან იზიარებენ, აღარაა - ან ძალიან დაბალ ხარისხშია. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა“.  

შუმახერის ცოლმა, კორინამ, დაადასტურა, რომ მის მკურნალობაზე უკვე 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. მკურნალობა გრძელდება.

„რა თქმა უნდა, მიხაელი გვაკლია. ის ყოველ დღე მენატრება. ყველას გვენატრება: შვილებს, მამას და მის ყველა ახლობელს. ყველას გვაკლია, მაგრამ სინამდვილეში ის აქაა. ის შეიცვალა, თუმცა, აქაა. ეს ჩვენ ძალას გვმატებს.

ერთად ვართ. თერაპიას გავდივართ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიხაელი უკეთ გახდეს, კომფორტულად იყოს და უბრალოდ გრძნობდეს, რომ ოჯახთანაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველა გავაკეთებთ.

ვცდილობთ, ერთად ვიყოთ, როგორც ერთი ოჯახი. ისე, როგორც მიხაელს ენდომებოდა. სიცოცხლე გრძელდება. „პირადი, პირადს ნიშნავს“, - ამბობდა ის. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება გააგრძელოს. ადრე ყოველთვის გვიცავდა. ახლა ჩვენ უნდა დავიცვათ“.

მეგობრები, ჩვენი მკითხველები და სხვა ადამიანები, ვისაც მის შესახებ სმენიათ, ხშირად გვეკითხებიან, როგორია შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხშირად შეცდომით ვრცელდება ხმა მისი გარდაცვალების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ტრაგედიიდან 8 წლის შემდეგ ამ კითხვებს ნაწილობრივ მაინც გავეცით პასუხი.

გაზიარება: