Maserati-ს გადარჩენა ახლა ორ ჩინურ ბრენდზეა დამოკიდებული...
ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Maserati-ს მომავალი შესაძლოა საკმაოდ მოულოდნელმა ალიანსმა გადაარჩინოს. ჩინეთიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, Maserati-მ საბოლოოდ შეათანხმა პარტნიორობის გეგმა Huawei-სა და JAC Motors-თან, რომლის ფარგლებშიც ორი სრულიად ახალი ელექტრომობილი შეიქმნება.

ეს მოდელები ჩინეთის ბაზარზე Maextro-ს ბრენდით გაიყიდება, ხოლო გლობალურ ბაზარზე ტრადიციულად Maserati-ს ემბლემით გამოვლენ. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება საშუალო/დიდი ზომის ელექტრო SUV-ის წარმოება, რომელიც ბაზარზე არსებული Grecale Folgore-ს ალტერნატივად პოზიციონირდება. ასევე, გამოუშვებენ სრულად ელექტრო საკრუიზო ავტომობილს, რომელიც GranTurismo Folgore-ს გვერდით დაიკავებს ადგილს.
ვინ რაზეა პასუხისმგებელი?
მოვალეობები ჩინურ და იტალიურ მხარეებს შორის ასე გადანაწილდა — JAC Motors-ი იკისრებს ინჟინერიასა და წარმოებას. JAC-ის ქარხანაში დამზადდება ავტომობილების ძირითადი კორპუსები. Huawei უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ მხარეს — თავის HIMA პლატფორმას, Qiankun ავტონომიური მართვის სისტემას, ელექტრო-ძრავებსა და „ჭკვიან“ სალონს, ხოლო Maserati პასუხისმგებელი იქნება დიზაინზე, საბოლოო აწყობასა და გლობალურ გაყიდვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში წარმოების იდეამ შესაძლოა იტალიური ბრენდის ფანები შოკში ჩააგდოს, პროცესში იტალიური მხარეც აქტიურად ჩაერთვება. ჩინეთში მხოლოდ კორპუსი აიწყობა, რის შემდეგაც ნაწილები (SKD კომპლექტის სახით) იტალიაში გაიგზავნება, სადაც საბოლოო აწყობა და კალიბრაცია განხორციელდება.
რატომ დასჭირდა Maserati-ს ეს ნაბიჯი?
მიზეზი ფინანსური კრიზისია. 2025 ფისკალურ წელს Maserati-მ სულ რაღაც 7900 ავტომობილი გაყიდა — რაც კატასტროფული ვარდნაა წინა წლის 11 300 ერთეულთან შედარებით და 2010-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ახალი ელექტრომობილების გაყიდვების მთავარ სამიზნე ბაზრებად ახლო აღმოსავლეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია მოიაზრება. ეს უჩვეულო ალიანსი შესაძლოა აღმოჩნდეს ის ერთადერთი შანსი, რაც Maserati-ს კრიზისიდან დაიხსნის, თუმცა თავად ფაქტი ევროპული ავტოინდუსტრიის მდგომარეობაზე საუკეთესოდ მეტყველებს.