Land Rover-მა კლასიკურ Defender-ს 405-ცხენისძალიანი V8 დაუბრუნა
Land Rover-მა კლასიკურ Defender-ს 405-ცხენისძალიანი V8 დაუბრუნა. უფრო კონკრეტულად კი, ეს ავტომწარმოებლის Classic-განყოფილებამ შეძლო, რომელიც მსურველებს ბოლო თაობის „ანალოგური“ Defender-ის ამ ცნობილი აგრეგატით განახლებას სთავაზობს. მთავარი სიახლე კი 5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავია, რომელიც Puma დიზელის ძრავით აღჭურვილ Defender L316-ში განთავსდება.

Works V8 Conversion-ის სახელით ცნობილი პროგრამა Defender L316-ის 90 და 110 ვერსიებისთვის არის შექმნილი. შედეგად კი, თქვენი ძველი Defender-ი 405 ცხენის ძალისა და 515 ნმ-ის მქონე აგრეგატს მიიღებს. ეს უკანასკნელი 8-სიჩქარიან ZF-ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. ძრავის შეცვლასთან ერთად, პროგრამა დაკიდების სისტემის, მუხრუჭების, ბორბლებისა და შასის სხვა კომპონენტების განახლებასაც მოიცავს.
განახლებული დაკიდების სისტემა Bilstein-ის ამორტიზატორებსა და Eibach-ის ზამბარებს აერთიანებს, ხოლო მუხრუჭებისთვის Classic-ის გუნდმა ოთხდგუშიანი კალიპერები შეარჩია. წინა დისკების დიამეტრი 335 მმ-ია, უკანა დისკების კი — 300 მმ, რაც Puma-დიზელის სტანდარტულ მუხრუჭებთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება 16-დუიმიან ფოლადის დისკებსა და 18-დუიმიან ალუმინის დისკებს შორისაც შეეძლება.

JLR Classic-ის დირექტორის, დომინიკ ელმსის განცხადებით, „პროგრამა სხვადასხვა ტიპის მფლობელებისთვისაა შექმნილი — მათთვისაც, ვინც Defender-ს ყოველდღიურად იყენებს და მათთვისაც, ვინც მოდელს საკოლექციო დანიშნულებით ინახავს“.
ამ პროექტს კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება აქვს: ახალი Defender-ისგან განსხვავებით, აქ გამოყენებული 5-ლიტრიანი V8 ძრავა ატმოსფერულია და ტურბოს არ იყენებს. თანამედროვე Defender-ის V8 კი იძულებითი შევსების სისტემას იყენებს.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ V8-ის დაყენება ყველა Puma Defender-ზე შესაძლებელი არაა. ეს შეთავაზება მხოლოდ 2012–2016 წლებში გამოშვებულ Defender L316 90 და 110 მოდელებზე ვრცელდება. უფრო ადრეული, 2007–2011 წლებში წარმოებული ავტომობილების მფლობელებს კი, სურვილის შემთხვევაში, დაკიდების სისტემისა და მუხრუჭების განახლება შეეძლებათ.
ცნობისთვის, თქვენს ავტომობილში V8-ის განსათავსებლად აუცილებელია, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში მდებარე Classic Works-ის ცენტრებს ესტუმროთ. ხოლო დაკიდების სისტემის, მუხრუჭებისა და სხვა კომპონენტებისთვის შეგიძლიათ საქმე ავტორიზებულ დილერს მიანდოთ, ანდაც ნაწილები Land Rover Classic Parts-ის საიტიდან შეიძინოთ და თავადვე დააყენოთ.