Audi-სა და Volkswagen-ის 2.8 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაწვევა ემუქრება
გერმანიის ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის უწყების (KBA) ინფორმაციით, გლობალურად, Audi-სა და Volkswagen-ის 2.8 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაწვევა ემუქრება. ავტომობილებს შესაძლოა საჭის მართვის სისტემა გაუფუჭდეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ჭანჭიკი გატყდება.
ასევე დაგაინტერესებთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა?
KBA-ს ცნობით, კონკრეტულ პირობებში კოროზიამ შესაძლოა საჭის მექანიზმის დამჭერი ჭანჭიკის დაზიანება და გატეხვა გამოიწვიოს. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მძღოლმა დაზიანების გამო შესაძლოა საჭეზე კონტროლი დაკარგოს, რაც ავარიის რისკსაც ზრდის. KBA-ს ვებგვერდზე აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე კვლევის ფაზაზეა, რაც ნიშნავს, რომ უწყებას საბოლოო შეფასება ჯერ არ გაუკეთებია.
თუმცა, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, უკან გაწვევა შესაძლოა ისეთ გავრცელებულ მოდელებს შეეხოს, როგორებიცაა: Audi Q3, Volkswagen Golf, Golf Variant, Tiguan, Touran და Caddy.

Audi-ს წარმომადგენლების განმარტებით, „პრევენციული გაწვევა“ კომპანიამ შიდა შემოწმების შედეგების მიღების შემდეგ დაიწყო. შედეგების საფუძველზე არსებობდა ვარაუდი, რომ გზებზე გამოყენებულმა მარილმა და სხვა გარემო პირობებმა შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში, Q3-ის ზოგიერთ მოდელში საჭის სისტემის დამჭერი ჭანჭიკის კოროზია გამოიწვიოს. ავტომწარმოებლის ინფორმაციითვე, კოროზიის პროგრესირების შემთხვევაში არსებობს რისკი საჭის სისტემის მუშაობის შეფერხების.
გაწვევა Audi Q3-ის იმ ავტომობილებს ეხება, რომლებიც 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მაისამდე პერიოდშია წარმოებული და საჭის სისტემისა და წინა სავალი ნაწილის ქვეჩარჩოს კონკრეტული კომბინაცია აქვს. Audi-ს ცნობით, პრობლემის აღმოფხვრას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება და მომსახურება უფასო იქნება.

რაც შეეხება Volkswagen-ის მოდელებს, გაწვევა 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში წარმოებულ ავტომობილებს ეხება. პოტენციურად, ეს მოიცავს Volkswagen-ის თითქმის 2.16 მილიონ ავტომობილს, მათ შორის 900 000-ს მხოლოდ გერმანიაში. Audi-ს შემთხვევაში ეს რაოდენობა 696 000-ზე მეტია, აქედან 58 555 გერმანიაში.