Aa Aa
8 მარტი 2022  |  11:04

W-Series - ფორმულა მხოლოდ ქალი პილოტებისთვის

გსმენიათ W-series-ის შესახებ? ეს ერთადგილიანი ავტომობილებით რბოლაა, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობენ.

ჩემპიონატის შექმნის მთავარი მიზანი მაღლესი დონის ავტოსპორტში, განსაკუთრებით კი ფორმულა 1-ში, მეტი ქალის ჩართვა იყო.

2017 წელს მხოლოდ ქალებისთვის რბოლის შექმნაზე ხმები დადიოდა. 2018 წლის 10 ოქტომბერს კი ჭორები დადასტურდა.

2019 წელს კი პირველი სეზონი გაიმართა. ამ წამოწყებას მხარს ავტოინდუსტრიაში ცნობილი ადამიანები უჭერდნენ. მათ შორის ფორმულა 1-ს ყოფილი მრბოლელი დევიდ კულთარდი და ლეგენდარული ინჟინერი ედრიან ნიუი.

დღემდე ავტოსპორტი იყო ერთადერთი სპორტის სახეობა, სადაც არ იყო გამოყოფილი ქალთა კატეგორია... უკანასკნელი ქალი, რომელმაც ფორმულა 1-ში მონაწილეობა მიიღო იყო ლენა ლომბარდი, ხოლო ქალი ჩემპიონი ფორმულას არც კი ჰყოლია. ჩვენი მისია ამ ფაქტის შეცვლაა.“ - ამბობდა აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ ბონდ მუირი.

ზოგადი წესები

თუ ფორმულა ერთში 10 სხვადასხვა კონსტრუქტორია, W-Series-ში ყველა ბოლიდი Tatuus ეკუთვნის და ეს ბოლიდები ფორმულა 3-ის დონის რბოლისთვისაა განკუთვნილი. 

თითოეული ტური მოიცავს ორ თავისუფალ პრაქტიკას 45 წუთის განმავლობაში და ერთ კვალიფიკაციას, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. რბოლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტრასაზე წრეების რაოდენობაზე, თუმცა ძირითადად 30 წუთს პლუს ერთი წრეა.

ადგილი პირველი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე მეცხრე  მეათე
ქულა 25 18 15 12 10 8 6 4 2 1

გამარჯვებული ვლინდება ყველა საკვალიფიკაციო ეტაპით და რბოლებით დაგროვებული ქულების რაოდენობით. თუ რამდენიმე მრბოლელმა მსგავსი რაოდენობის ქულა დააგროვა, მაშინ ჩემპიონატის ბედს მოგებული რბოლების რაოდენობა გადაწყვეტს.

ბოლიდის მონაცემები

W-series-ს ძრავებით Alfa Romeo, საბურავებით კი Hankook Tire-ს ამარაგებს.

  • შასის კონსტრუქცია: კარბონის მონოკოკი
  • ძრავა: 1,750 cc DOHC 4-ცილინდრინი ტურბო
  • საწვავის მიწოდება: პირდაპირი შეფრქვევა
  • საწვავის ავზი: 45.5 ლიტრი
  • წონა: 565 კგ
  • ძალა: 270 ცხენის ძალა
  • სიგანე: 1,850 მილიმეტრი
  • თვლების ბაზა: 2,900 მილიმეტრი

მოკლე ისტორია

2019 წლის სადებიუტო სეზონისთვის 18 ძირითადი და 4 სათადარიგო მრბოლელი 61 კანდიდატიდან შეარჩიეს. ისინი ერთმანეთს ჩემპიონობას 6 რბოლაში ეცილებოდნენ. ექვსივე რაუნდი ევროპის ქვეყნებში ჩატარდა. მათგან 2 გერმანიაში, დანარჩენები კი იტალიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. გამარჯვება კი ბრიტანელმა ჯეიმი ჩედვიკმა მოიპოვა.

2020 წელს პანდემიის გამო რბოლები ვერ ჩატარდა. W-series-მა დროებით ონლაინ რბოლებში გადაინაცვლა. iRacing  პლატფორმაზე 10 რბოლა გაიმართა.

2021 წლიდან კი რბოლები რეალურ სამყაროში დაბრუნდა და ფორმულა 1-ის მხარდაჭერით გაიმართა. ამჯერად 8 ჩატარდა, ჩემპიონის ტიტული კი ისევ ჯეიმი ჩედვიკმა მოიპოვა.

ჩემპიონატის ჩატარება 2022 წელსაც იგეგმება.

კრიტიკა

მიუხედავად ბევრი დადებითი გამოხმაურებისა, W-series კრიტიკას ვერ გადაურჩა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს ჩემპიონატი ქალ მრბოლელებს კაცი მრბოლელებისგან უფრო გააცალკევებდა, ვიდრე ქალების ავტოსპორტით დაინტერესებას წაახალისებდა.

ბრიტანელმა ინდიქარის მრბოლელმა პიპა მანმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წუხილს გამოთქვამდა:

როგორი სევდიანი დღეა ავტოსპორტისთვის. ისინი, ვინც ფულს ქალი მრბოლელების დახმარებაში დებენ, ნაცვლად მხარდაჭერისა, მზად არიან ქალი მრბოლელები კაცებისგან განაცალკეონ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ვხედავ ისტორიულად ყველაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს.

საპრიზო ფონდი

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი $1.5 მილიონია. მესამე ადგილის მფლობელს 150 000$ გადაეცემა. მეორე ადგილზე გასულს - 250 000$. ჩემპიონატში გამარჯვებული კი პრიზად 500 000$-ს იღებს. პრიზის გარეშე არც სხვა მრბოლელები რჩებიან. ფონდიდან დარჩენილი თანხა პოზიციების მიხედვით ნაწილდება.

გაზიარება: