Tesla იჯარით გაცემულ ავტომობილებს ყიდის | მოდელები robotaxi-ები უნდა ყოფილიყო
Reuters-ცნობით, ამერიკულმა მწარმოებელმა სტრატეგია, რომელიც იჯარით გაცემული ელექტრომობილების robotaxi-ებად გამოყენებას ითვალისწინებდა, შეცვალა. სანაცვლოდ, ის ახლა ამ მოდელების გაყიდვას ცდილობს. თავდაპირველად, Tesla-მ მომხმარებლებს იჯარის პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილების შეძენა აუკრძალა, იმ მიზეზით, რომ შემდგომ ისინი robotaxi-ის ფლოტისთვის სჭირდებოდა.
ეს პოლიტიკა მოიცავდა ყველა მოდელს, რომელიც 2022 წლამდე იყო წარმოებული, თუმცა შეიცვალა ნოემბერში - რადგან robotaxi არ განხორციელებულა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მფლობელებს ელექტრომობილების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან Tesla-ს მათი დაბრუნება სურდა: "მომავალ წელს, გზებზე, რა თქმა უნდა, მილიონობით robotaxi ივლის". განაცხადა მაშინ მილიარდერმა, თუმცა ეს გეგმა არ განხორციელებულა.
ამის შემდგომ, Tesla-მ თავის ძველ მოდელებზე პროგრამული უზრუნველყოფის გზით გარკვეული ფუნქციები განაახლა და ამის შემდეგ ისინი ახალ მფლობელებს მიჰყიდა. ამან კომპანიას საშუალება მისცა, მოდელები მეორად ავტომობილების საშუალო ფასზე ძვირად გაეყიდა და მოგებაც ნახა. ცნობისთვის, კომპანიამ იჯარით 314 000-ზე მეტი ავტომობილი გასცა, რაც მისი მთლიანი მიწოდების 4.4%-ია.
Tesla-ს მხრიდან სტრატეგიის ცვლილება, ბევრს robotaxi-ის გამოსვლის გეგმაზე ეჭვებს უჩენს. რეალურად, დაპირება იმის შესახებ, რომ მსგავსი ავტომობილები გზებზე უკვე უნდა გამოჩენილიყვნენ, არ შესრულდა. დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.