Aa Aa
27 ივლისი 2022  |  11:23

ფერუჩიო ლამბორგინი საავტომობილო დიდების დარბაზის წევრი გახდა

დეტროიტის საავტომობილო მიზეუმი ავტოინდუსტრიაში გამოჩენილ ადამიანებს პატივს მიაგებს. ახლახან მათ Lamborghini-ის დამფუძნებელი, ფერუჩიო ლამბორგინი დიდების დარბაზის წევრად დაასახელეს.

ფერუჩიო ლამბორგინიმ დიდძალი ქონება ტრაქტორების შექმნით დააგროვა. შემდეგ მან თანხის დაბანდება Ferrari-ში გადაწყვიტა. ფერუჩიოსთვის მარანელოს პროდუქტი არც ისე საიმედო იყო, რის გამოც ის ენცო ფერარის დაუპირისპირდა. Ferrari-ის არც თუ ისე სასიამოვნო პასუხის შემდეგ ლამბორგინიმ საკუთარი კომპანიის დაარსება განიზრახა.

ტრაქტორის მაგნატის პირველი მცდელობა Lamborghini 350GT გახლდათ. მოდელის დებიუტი 1964 წლის ჟენევის საავტომობილო ჩვენებაზე შედგა. მანქანას 3.5-ლიტრიანი V12 ჰქონდა, რომელიც საბურავზე 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური ბრუნი კი წუთში 7 000-ს აღწევდა. მანქანა წინაძრავიანი GT კლასის გახლდათ.

ავტოწარმოებაზე სრულად გადართული ფერუჩიო ლამბორგინი აქ არ შეჩერებულა. 1966 წლის ჟენევის ავტოჩვენებაზე საავტომობილო სამყარომ Lamborghini Miura იხილა. ეს ის მოდელი გახლავთ, რომელმაც შუაძრავიან სპორტულ ავტომობილებს ჩაუყარა საფუძველი.

დროის გასვლასთან ერთად, კომპანია კიდევ უფრო განვითარდა. 1971 წელს რევოლუციური დიზაინის Countach-ი ვიხილეთ. Lamborghini-მ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ამ მოდელით კი მწარმოებელმა დროს გაუსწრო. 70-იან წლებში არ არსებობდა ბავშვი, რომელიც Countach-ის ფლობაზე არ ოცნებობდა. Lamborghini-მ სრული წილის მფლობელი რამდენჯერმე გამოიცვალა. ერთ დროს ბრენდს Chrysler-იც ფლობდა. ახლა კი უკვე დიდი ხანია, რაც VW Group-ის ქოლგის ქვეშაა. ფერუჩიო ლამბორგინი 1993 წელს გარდაიცვალა.

ამ ადამიანის სახელი, თავისი ღვაწლითა და მემკვიდრეობით ავტოინდუსტრიაში უკვდავყოფილია. საავტომობილო დიდების დარბაზში შესვლა კი ნამდვილად დიდი პატივია.

გაზიარება: