სპეციალური ციმციმის და ხმოვანი სიგნალის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმა იზრდება
სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალის, ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა, - შესაბამისი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
კანოპროექტი უკვე ინიცირებულია და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
„წარმოდგენილი პროექტით იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ავტორი: bm.ge