პირველი ავტომობილი, რომელიც კომპიუტერით შექმნეს
ყველაფერი, რაც კარგად იწყება არ ნიშნავს იმას, რომ დასასრულიც კარგი ექნება. თუმცა მცდელობას და ახალი გეგმის მიზნად დასახვას საბოლოოდ ყოველთვის მოაქვს ისეთი შედეგი, რომელიც საქმის არსს ფუნდამენტალურად ცვლის. 1997 წელს ამერიკულმა მცირე საავტომობილო კომპანიამ კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნა ავტომობილი, რომელსაც Romulus Predator-ი უწოდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ყველა ავტომობილის დიზაინი ხელნაკეთი თიხის ესკიზით სრულდებოდა.
Romulus Predator-ი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩეოდა და მას შესაბამისი აგრეგატიც სჭირდებოდა. შემქმნელებმა იგი ფორდის 10-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვეს, თუმცა მისი რეალური მონაცემები დღემდე ყველასთვის უცნობია. Predator-ის ძარა კარბონისგან იყო დამზადებული და 1134 კილოგრამს იწონიდა.
პრეზენტაციის დროს Romulus-ის ავტორებმა აღნიშნეს, რომ 1 წელიწადში სერიულ მოდელს წარადგენდნენ, რომლის ღირებულებაც 150 000 ამერიკული დოლარი იქნებოდა. სამწუხაროდ იდეა ვერ განხორციელდა და დღეს ეს ავტომობილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის შემონახული.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შექმნაში კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულად ჩართვა 1997 წელს რევოლუციური იყო, დღეს ეს მეთოდი მასიურ ხასიათს ატარებს და მისი ფუძემდებელი Romulus Predator-ი იყო.