ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2026 წლიდან გზების მშენებლობაში მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას მოითხოვს
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სამინისტროს გადაწყვეტილება იყო - 2026 წლიდან ამოქმედდეს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო პროექტებში გზის საფარის ზედა ფენისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს მოდიფიცირებული ასფალტო ბეტონის გამოყენება.
მოდიფიცირებული ასფალტი გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებშიც. ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც ხელს უწყობს.
შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ასფალტო ბეტონის მოდიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თბილი ასფალტო ბეტონის გამოყენების უპირატესობებზე და ტექნოლოგიური ნაცრის ბაზაზე გზის საფუძვლის რეციკლირებისა და სტაბილიზაციის ინოვაციურ მიდგომებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.