ამერიკული Panoz Roadster-ი, რომელიც ბრიტანულ Caterham-ზე ძლიერი გამოვიდა
ყველა ქვეყნის ავტომწარმოებას თავისი ნიშა აქვს და როდესაც საქმე მსუბუქ სპორტულ მანქანასთან გვაქვს, ისინი ყოველთვის პრაგმატულად უდგებიან საქმეს. დაბალი წონა, პატარა, მაგრამ სპორტული ძრავა და მართვის კარგი უნარები - ეს ის კრიტერიუმებია, რითაც ევროპელი ავტომწარმოებლები სარგებლობენ. თუმცა ამერიკელებს სხვა მიდგომა აქვთ და მათ არ შეუძლიათ 1.3-ლიტრიანი ავტომობილის სპორტული ხასიათით დატკბნენ. ბრიტანელების მიერ შექმნილი Caterham-ი მართლაც ლეგენდარული მანქანაა - ღია სახურავი, დაბალი წონა და სპორტული ხასიათის 4-ცილინდრიანი ძრავა საკმარისია მათთვის. თუმცა ამერიკელებსაც უნდოდათ მსგავსი ავტომობილი და მათ Panoz Roadster-ი შექმნეს.
Panoz-ი ამერიკულ ავტომობილებს აწარმოებს და მის პატარა ზომის ქარხანაში სულ რაღაც 8 მექანიკოსი მუშაობს. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიის სახელზე რამდენიმე ძლიერი მოდელი მოიაზრება, მათ შორის Panoz Esperante GTR-1. ამ სტატიაში ჩვენ ამერიკულ Caterham-ს გავიხსენებთ, რომელიც უფრო მძლავრი გამოვიდა, მაგრამ ნაკლებად ცნობილი.
კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით Roadster-ში მუსტანგის 8-ცილინდრიანი და 4.9-ლიტრიანი ძრავა მოათავსეს. მას მუსტანგისგან უკანა დაკიდება და დიფერენციალიც ერგო, თუმცა წინა დაკიდება და სხვა უამრავი დეტალი Panoz-ის მიერ არის შექმნილი. საბოლოოდ ავტომობილს 600 დეტალზე მეტი აქვს ისეთი, რომელიც კომპანიამ დამოუკიდებლად შეიმუშავა. ავტომობილს საოცარი ფორმები აქვს და მისი ძარა ალუმინის დეტალებისგანაა შექმნილი. მრგვალი ფორმების შესაქმნელად Panoz-მა ავია ტექნოლოგია გამოიყენა, რაც მაღალ ტემპერატურაზე ალუმინისთვის ფორმის მიცემას გულისხმობს.
ავტომობილი 1170 კილოგრამს იწონის და 100-მდე 5.3 წამში ჩქარდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი მუსტანგის მოკლე გადაცემის დიფერენციალს შეუკვეთავს, ამ შემთხვევაში 100-მდე სულ რაღაც 4.7 წამი იქნება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ღიაძარიანია და სპორტული ხასიათით გამოირჩევა, ნელი სვლის დროსაც კი მისი მართვა ძალიან სასიამოვნოა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 90-იან წლებში Panoz Roadster-ის გაყიდვები Ford-ის სადილეროებში ხორციელდებოდა, ხოლო გერმანიაში კი შვეიცარულმა Rinspeed-მა ექვსი რებრენდირებული მოდელის გაყიდვა მოახერხა.