Ariel-მა Atom 4R-ში Civic Type R-ის ძრავა განათავსა და 400 ცხენის ძალამდე გააძლიერა
2008 წლის V8 ძრავიანი Atom-ის შემდეგ ყველაზე მძლავრი მოდელი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი და 100 კმ/სთ-ს 2.7 წამში ავითარებს.
ვერ ნახავთ Airel Atom-ის მოდიფიკაციას, რომელიც ნელია. ყველა მოდელი სწრაფია. თუმცა, ახლა კომპანიამ გამოუშვა ახალი 4R-ი, რომელიც ამ გიჟურ შემადგენლობაში სიგიჟით გამოირჩევა.
Atom 4-ზე დაფუძნებულ მოდელს, რომელიც პირველად Goodwood-ის ფესტივალზე 5 წლის წინ ვიხილეთ, მემკვიდრეობით შასი, კორპუსი, აეროდინამიკური გაუმჯობესებები და Honda-ს ტურბინიანი, 2.0-ლიტრიანი K20 ერგო. თუმცა, 4R-ში ყველაფერი უფრო გაუმჯობესებულია. შედეგად, საქმე ყველაზე მძლავრ 4-ცილინდრიან Atom-თან გვაქვს. ასევე, ის ისტორიაში მეორე ყველაზე მძლავრი მოდელია 2008 წლის Atom V8-ის შემდეგ.
სტანდარტული Atom 4 321 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 4R-ის სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალას აღწევს. მაბრუნი მომენტი 420 ნიუტონ მეტრიდან 500 ნიუტონ მეტრამდე გაიზარდა.
სიმძლავრის მატების შედეგად 2.7 წამამდე დაეცა 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებელი დრო. მაქსიმალური სიჩქარე კი 274 კმ/სთ-ით განისაზღვრა. დიახ, 274 კმ/სთ საქარე მინის გარეშე! Atom 4-ისგან განსხვავებით, რომელსაც 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი აქვს, 4R-ს 6-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟეს. სიჩქარეების მონაცვლეობა საჭეზე განთავსებული ბერკეტებით არის შესაძლებელი.
Atom-ის კონცეპტუალური მოდელები უკვე 25 წლისაა, მაგრამ, როგორც ჩანს, Ariel-ს განვითარებისთვის იდეები არ ელევა.