იშვიათი ავტომობილები, კლასიკური ავტომობილები, მიტოვებული, ფერარი, მიტოვებული ავტომობილები, ფერარი 330 ჯითისი
Aa
Aa

ბაბუის ავტოფარეხში წლების წინ მიტოვებული Ferrari იპოვეს | მისი ღირებულება შესაძლოა $1 მილიონს აღწევდეს

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ავტოფარეხში წლების წინ მიტოვებული 1968 წლის Ferrari 330 GTC აღმოაჩინეს. იშვიათი ავტომობილი მტვრის ფენითა და ობით იყო დაფარული, თუმცა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მისთვის პირველადი სახის დაბრუნება შეძლო.

სათანადო ტექნიკური რესტავრაციის შემდეგ, Ferrari 330 GTC-ის ღირებულება შესაძლოა $500 000-დან $700 000-მდე გაიზარდოს. იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარების ღირებულება კი $1 მილიონადაც ფასდება.

ავტომობილი მისმა მფლობელმა, ლილიანამ, ბაბუის ავტოფარეხში იპოვა. Ferrari აქ წლების განმავლობაში უძრავად, სათანადო მოვლის გარეშე ინახებოდა. საბოლოოდ, ლილიანამ ავტომობილის გადარჩენა გადაწყვიტა და დახმარებისთვის YouTube-არხ WD Detailing-ის გუნდს მიმართა.

Ferrari 330-ის სერია 1960-იან წლებში გამოჩნდა. 1963-1968 წლებში კომპანიამ ის რამდენიმე ვერსიად, მათ შორის 330 America-სა და 330 GTC-ის სახით გამოუშვა. ეს უკანასკნელი დახურულკუპიანი გრანდ ტურერია, რომელიც სპორტულ მახასიათებლებსა და კომფორტულობას აერთიანებს.

იტალიური მოდელის ერთ-ერთი მთავარი ღირსება კი 4-ლიტრიანი Colombo V12 ძრავაა. 12-ცილინდრიანი ძრავა მაშინ Ferrari-ს რამდენიმე სხვა მოდელშიც გამოიყენებოდა და ბრენდის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილიც უკავია.

WD Detailing-ის სპეციალისტებმა მუშაობა ბორბლების მოხსნით დაიწყეს, შემდეგ ავტომობილი დიდი სიფრთხილით გარეცხეს და ზედაპირზე დაგროვილი ჭუჭყისგან გაწმინდეს. შედეგად, მისი ქარხნული, ყავისფერი მეტალის ეფექტის მქონე საღებავიც გამოჩნდა. დიდი ყურადღება დაეთმო სალონსაც: გაიწმინდა შავი ტყავის სავარძლები, ჭერის საფარი და იატაკის ხალიჩები.

ისტორიული Colombo V12-ის დასაცავად კი მძიმე ქიმიური საშუალებების ნაცვლად ორთქლით წმენდის ტექნიკას მიმართეს. შედეგად, ძველი კომპონენტები დაზიანებას გადაურჩა.

Ferrari 330 GTC-ის ღირებულება მის ტექნიკურ მდგომარეობაზე, ისტორიულ დოკუმენტაციასა და აღდგენის ხარისხზეა დამოკიდებული. იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარის ფასი შესაძლოა $800 000-დან $1 მილიონამდე მერყეობდეს. თუმცა ამ კონკრეტულ ეგზემპლარს, იმის გამო, რომ წლები უმოძრაოდ იყო გაჩერებული, მექანიკური სისტემების შემოწმება და აღდგენა დასჭირდება.

ხოლო თუ ყველა დოკუმენტი მწყობრში იქნება, არაა გამორიცხული, რომ აუქციონზე მისმა ფასმა $500 000-დან $700 000-მდე მიაღწიოს. შედარებისთვის, ღიასახურავიანი Ferrari 330 GTS უფრო იშვიათ ვერსიად ითვლება და დაახლოებით $1.8–2.5 მილიონად ფასდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები