მდიდრული მანქანები, ზიკერი, ზიკერ 9იქსი
Aa
Aa

როგორ აპირებს Zeekr-ი მდიდრულ სეგმენტში ევროპელების დამარცხებას?

დღეს ავტომობილების გლობალურ ბაზარზე თითქმის არ დარჩა სეგმენტი, სადაც ჩინეთიდან წამოსული ახალი ავტომწარმოებლები არ ასპარეზობენ. ბოლო წლებში გამოჩენილ ჩინურ ბრენდებს შორის კი თავისი მასშტაბითა და დინამიკით განსაკუთრებით Zeekr-ი გამოირჩევა. Geely-ის შვილობილი, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედი კომპანია ხუთი სხვადასხვა მოდელით პირდაპირ ტრადიციულ მდიდრულ ბრენებს უპირისპირდება.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ისეთი დამკვიდრებული სახელების კლიენტების გადაბირება, როგორებიც BMW, Mercedes-ი, Audi, Range Rover-ი და Lexus-ი არიან, მარტივი სულაც არ არის. ამ ბრენდების მფლობელები ხშირად განსაკუთრებით ერთგულები არიან და ბრენდის ისტორიასა და ემბლემას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

CarScoops-თან ინტერვიუში Zeekr-ის ევროპული განყოფილების გენერალურმა დირექტორმა ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია ახსნა.

„რეალური სხვაობა იმაშია, თუ რა თანხად რას იღებთ — იმის ნაცვლად, რომ ბრენდის ისტორიაში გადაიხადოთ ფული, Zeekr-თან ერთად იღებთ მეტ ღირებულებას, მეტ შიგთავსსა და ფუნქციონალს, უკეთეს დინამიკას, ტექნოლოგიასა და ხარისხს — თანაც სეგმენტში საუკეთესო ფასისა და ხარისხის შეფარდებით. ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დღეს უკვე აღარ არის ერთგულების გარანტი. მომხმარებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას და ევროპაში ჩვენი არსებობის სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში ამან ძლიერად იმუშავა ჩვენ სასარგებლოდ“, — განაცხადა დირექტორმა.

დღეს Zeekr-ი ევროპის 22 ქვეყანაში ოპერირებს და წლის ბოლომდე მისი დილერებისა და სერვის ცენტრების ქსელი 200 ლოკაციას მიაღწევს. ბრენდის ადგილობრივი გაყიდვები წლიურ ჭრილში 200%-ითაა გაზრდილი, ხოლო ახალი ფლაგმანური Zeekr 9X-ის გამოჩენა მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

მეტი, ვიდრე უბრალოდ იაფი ალტერნატივა

Zeekr-ის მთელი საწარმოო ხაზის გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ კომპანიამ ბევრი რამ სწორად გააკეთა. მისი უმაღლესი კლასის მოდელები უკვე უფრო მდიდრულ შეგრძნებას ტოვებს, ვიდრე მიმდინარე თაობის BMW და Audi, თანაც ბევრად იაფად. თუმცა, Zeekr-ი არ ცდილობს მანქანების გაყიდვას მხოლოდ კონკურენტებზე დაბალი ფასის შეთავაზებით.

„ჩვენი პრიორიტეტი სეგმენტში საუკეთესო ღირებულების შეთავაზებაა, მაგრამ ღირებულება არ ნიშნავს იაფფასიანობას. ჩვენ გვსურს, რომ მომხმარებელმა იგრძნოს ინოვაციების, ხარისხისა და პრემიუმ გამოცდილების სიჭარბე იმ ფასად, რასაც იხდის. როგორც კი ადამიანები პროდუქტს უკეთ გაიცნობენ, საუბარი ფასიდან გადადის იმაზე, თუ რეალურად რისი გაკეთება შეუძლია ავტომობილს“, — აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ხუთწლიანი გარანტიითა და სერვისქსელის მასშტაბური გაფართოებით, Zeekr-ში დარწმუნებულები არიან, რომ ძლიერ ფუნდამენტს აშენებენ. ევროპის ბაზარი ურთულესია და ისტორიულად ადგილობრივ ბრენდებს ანიჭებდა უპირატესობას. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მხოლოდ VW Group-მა 1.8 მილიონი ავტომობილი გაყიდა ევროპაში, Stellantis-მა — 1.09 მილიონი, ხოლო BMW-მ და Mini-მ — 510 639 ერთეული. შედარებისთვის, მთავარმა არაევროპული ბრენდისთვის, Toyota-სთვის ეს რიცხვი 479 382-ია.

მიუხედავად ამისა, ჩინური კომპანიები ნაბიჯ-ნაბიჯ პოზიციებს იმყარებენ: წლის პირველ ექვს თვეში Geely Group-მა ევროპაში 225 350 ავტომობილი გაყიდა, რითაც ისეთ გიგანტებს გაუსწრო, როგორებიცაა Ford-ი, Tesla, Nissan-ი და Mazda — ცხადი დასტური იმისა, რომ ახალი მოთამაშეების მიმართ ინტერესი მზარდია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები