ნაგავსაყრელის მფლობელის სიჯიუტემ 500 000$-იანი პროტოტიპი გადაარჩინა
როდესაც 1950-იან წლებში დეტროიტის ავტოგიგანტებმა კონცეპტუალური მოდელების ეპოქა დაასრულეს, სტანდარტული პრაქტიკა ითვალისწინებდა, რომ უნიკალური შოუ-ქარები უნდა განადგურებულიყო. თუმცა, მიჩიგანის ერთ-ერთი ნაგავსაყრელის მფლობელის დაუმორჩილებლობამ ისტორიას უნიკალური ეგზემპლარი შემოუნახა — 1956 წლის Cadillac Eldorado Brougham Town Car-ი, რომელიც აუქციონზე თითქმის $500 000-ად შეფასდა.
ისტორია 1958 წელს იწყება, როდესაც General Motors-მა თავისი ცნობილი კონცეპტი — შიდა კოდური სახელწოდებით XP-48 — მიჩიგანის შტატში არსებულ Warhoops-ის ნაგავსაყრელზე გააგზავნა მკაცრი მითითებით: მანქანა სრულად დაშლილიყო და განადგურებულიყო. იმ პერიოდისთვის პროტოტიპები უბრალოდ სარეკლამო ინსტრუმენტები იყო და არა სამუზეუმო ექსპონატები.
თუმცა, დაწესებულების მფლობელმა გადაწყვიტა, GM-ის ინსტრუქცია არ შეესრულებინა. მან Cadillac-ი დამალა. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციამ მის ნაგავსაყრელზე კიდევ რამდენიმე იშვიათი პროტოტიპი გამოგზავნა დასაშლელად, Town Car-ი მაინც ხელუხლებელი დარჩა. საინტერესოა, რომ აუქციონზე გატანილი ეს ექსკლუზიური მოდელი თავდაპირველად რეალურ ავტომობილს საერთოდ არ წარმოადგენდა. 1956 წლის GM Motorama-ს გამოფენისთვის შექმნილ ამ მანქანას აგრეგატი არ გააჩნდა, არც გადაცემათა კოლოფი, არც ელექტროობა და არც სამუხრუჭე სისტემა.
ათწლეულების განმავლობაში მანქანა რამდენიმე ცნობილი კოლექციონერის ხელში მოხვდა, მათ შორის იყო ჯო ბორცი, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში J.C. Whitney კატალოგის მფლობელმა, როი ვარშავსკიმ მისი სრულფასოვანი რესტავრაცია და აგრეგატით აღჭურვა გადაწყვიტა. საბოლოოდ, მანქანამ 2013 წლის Amelia Island Concours d'Elegance-ზე თავის კლასში მთავარი პრიზიც კი მოიპოვა.
ახლა კი, თითქმის 70 წლის თავზე მას შემდეგ, რაც ის განადგურებისთვის იყო განწირული, RM Sotheby's-ის აუქციონზე ამ უნიკალურმა Cadillac-ში $494 500 გადაიხადეს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ზოგჯერ წესების დარღვევა და ავტომობილების სიყვარული საჭირო კი არა — აუცილებელია!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს