Aa Aa
5 სექტემბერი 2023  |  10:53

Volkswagen Group-ი გვპირდება, რომ მისი ბრენდების ავტომობილებს განსხვავებული დიზაინები ექნება

ბრენდი „დიზაინის უფრო მაღალ ხარისხს“ გვპირდება.

როცა ავტომწარმოებლები ახალ მოდელს წარმოგვიდგენენ, პირველი, რასაც ვეცნობით, ექსტერიერი და ინტერიერია. ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ფასს კი მოგვიანებით გვიმხელენ. რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ პოტენციურ კლიენტს მისი ტექნიკური მონაცემების გაგება მოუნდეს, ავტომობილი კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ერთნაირი დიზაინი ხშირად ავტომოყვარულებს იმედს უცრუებს.

Volkswagen-ს ამ პრობლემის მოგვარება სურს. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრენდების ავტომობილებს შესამჩნევად განსხვავებული დიზაინები ჰქონდეს. კლიენტებს VW-ს, Skoda-ს ან SEAT/Cupra-ს მოდელების ერთმანეთისგან გარჩევა არ უნდა გაუჭირდეთ. 2023 წლის IAA Mobility-ის ღონისძიებაზე ბრენდმა ახალ დევიზად „წარმატება დიზაინით“ დაასახელა.

VW Group-ის აღმასრულებელმა ოლივერ ბლუმემ, რომელიც Porsche-ს ბრენდზეცაა პასუხისმგებელი, თქვა, რომ „კარგი დიზაინი კლიენტებისთვის თავის მოწონებისთვის აუცილებელი ფაქტორია“.

„იმისთვის, რომ ჩვენი ბრენდები უფრო მრავალფეროვანი იყოს, გადავწყვიტეთ, რომ დიზაინები უფრო მკვეთრი და განსხვავებული უნდა გახდეს,“ - ამბობს ბლუმე.

მისივე თქმით, VW Group-ი უნდა გახდეს კომპანია, რომლისთვისაც დიზაინი პრიორიტეტია.

თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, მან ID. GTI Concept-ი და Cupra DarkRebel-ი შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ავტომობილი ერთსა და იმავე პლატფორმაზეა, დიზაინი მაინც შესამჩნევად განსხვავებულია.

VW Group-ის ქვეშ ამჟამად 10 ბრენდი ერთიანდება: VW, VW Commercial Vehicles, Skoda, SEAT, Cupra, Audi, Lamborghini, Bentley, Porsche და Ducati. დიახ, ამ სიაში Bugatti არაა, რადგან ის Rimac-თან გაერთიანდა. Bugatti-ს აქციების 55%-ს Rimac-ი ფლობს, 45%-ს - Porsche.

გაზიარება: