Aa Aa
3 თებერვალი 2024  |  17:17

გზატკეცილზე გაჩერებულ Lamborghini-ს მანქანა მთელი სიჩქარით შეასკდა

Lamborghini-სა და Geely-ის მძღოლებმა ისწავლეს, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ავტომობილის შუა გზატკეცილზე გაჩერება.

ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა ნებისმიერი მძღოლისთვის კოშმარია. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ძვირადღირებულ ავტომობილს ეხება. თუმცა, კოშმარი ერთია, ხოლო უსაფრთხოება - მეორე. ჩინეთში ვიღაცას Lamborghini Huracan-ი გზატკეცილზე გაუფუჭდა და იმ ზოლში დარჩა, რომელშიც გადაადგილდებოდა.

ქვემოთ მიბმულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ დგას კაცი თავის Huracan-თან. ავტომობილს ძრავის ხუფი აქვს გახსნილი. ეს სურათი იმთავითვე საშიშია, რადგან გზატკეცილის სწრაფ ზოლში გაჩერებული ავტომობილი საავარიო სიტუაციას ქმნის.

მალევე Lambo-ს მფლობელმა მომავალ ავტომობილებს შორის არსებული დიდი მანძილით ისარგებლა და უსაფრთხო ადგილას გადავიდა. თუმცა, ამით პრობლემა არ მოგვარებულა. მისი მანქანა ადგილიდან არ დაძრულა.

ძვირადღირებულ სპორტულ ავტომობილს საავარიო ნათურები ანთებული ჰქონდა. მას მძღოლების ნაწილი ამჩნევდა. თუმცა, ვიღაცამ ციმციმების შენიშვნა ვერ შეძლო. ეს ვიღაც Geely Xingyue-ს (ჩინური ავტომობილი) მძღოლი აღმოჩნდა. გაუგებარი მიზეზის გამო, ამ ადამიანმა დამუხრუჭებაც არ სცადა და Huracan-ს მთელი სიჩქარით შეასკდა.

ალბათ, ავარიის სიმძიმე არავის გაუკვირდება. SUV-ი 360 გრადუსზე მეტად დატრიალდა. Lambo კი თავის მფლობელთან გადავარდა. მოძრაობის სამივე ზოლში საპოხი საშუალებები დაიქცა. საბედნიეროდ, დროული რეაგირება მოასწრო Audi-ს მძღოლმა, რომელიც Geely-ის უკან მოჰყვებოდა.

სამწუხაროდ, გაურკვეველია გადაურჩა თუ არა SUV-ის მძღოლი ამ ავარიას.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის დამნაშავე ამ შემთხვევაში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: