Aa Aa
6 ივნისი 2024  |  19:10

შესაძლებელია ამ Lamborghini Huracan Evo-ს გადარჩენა?

Huracan-ის თვალშისაცემი ექსტერიერი, ავტომობილის ინტერიერს სრულყოფილად ერწყმის, თუმცა, ტრასაზე დაბრუნებამდე „სარემონტო სამუშაოებს“ საჭიროებს. 

2022 წლის ამ Lamborghini Huracan Evo-ს ჯერ მხოლოდ 6 ათასი კილომეტრი აქვს დაფარული, თუმცა, შესაძლოა მალე ჯართის გროვაში აღმოჩნდეს. პირველი, რაც მანქანის დანახვისას ყველას ყურადღებას მიიპყრობს მანქანის ცისფერი ფერია, თანხვედრაში ინტერიერთან. მაგრამ, Huracan-ის წინა ნაწილი ამ ჰარმონიას ნამდვილად არღვევს.

ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ მანქანას კაპოტი და წინა ბამპერი საერთოდ არ აქვს. დაზიანების უდიდესი ნაწილი სწორედ Huracan-ის წინა ნაწილზე მოდის. დიდი ალბათობით, მანქანა, „უცნობ ობიექტს“ მძღოლის მხრიდან დაეჯახა. დაზიანებულია ერთ-ერთი წინა რადიატორიც.

ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ მანქანის შეკეთებას მხოლოდ ახალი ბამპერი და კაპოტი სჭირდება, თუმცა, რეალურად საქმე ასე მარტივად არაა. Huracan-ის წინა ნაწილის ახლო დათვალიერებისას ჩანს რადიატორთან გამავალი საყრდენი, რომელიც ასევე გაღუნული და დაბზარულია. დაზიანებულია მანქანის დაკიდების სისტემა, რაზეც მიუთითებს ის, რომ მძღოლის მხარეს არსებული ბორბალი ცენტრიდან დაშორებულია.

სალონის ხედიდან კი კარგად ჩანს, რომ ავარიისას უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა - შესაბამისად, მანქანის შეკეთებისას ეს საკითხიც გასათვალისწინებელი იქნება. ინტერიერის დარჩენილი ნაწილი ექსტერიერს იმავე, ღია ლურჯ ფერში ეხამება. ზუსტად იმავე ტონალობაშია მანქანის ტყავის სავარძლები, საჭე და მაჩვენებელთა დაფა.

ამჟამად Lamborghini Huracan Evo აუქციონზე იყიდება და ახალ მფლობელს ელოდება, რომელიც ამ სარისკო, საპასუხისმგებლო და საკმაოდ ძვირიან საქმეს თავის თავზე აიღებს და მანქანას კვლავ ტრასაზე დააბრუნებს.

გაზიარება: