Aa Aa
30 სექტემბერი 2024  |  11:59

Mercedes-ის ლეგენდარული დიზაინერი ბრუნო საკო გარდაიცვალა

Mercedes-ში გატარებული 41 წლის განმავლობაში, საკომ არაერთი საკულტო ავტომობილის დიზაინზე იმუშავა. 

ლეგენდარულმა დიზაინერმა ბრუნო საკომ ერთხელ თქვა: „Mercedes Benz-ი ყოველთვის Mercedes Benz-ს უნდა ჰგავდეს“. იტალიელმა ავტობუსების მწარმოებელ Ghia-სა და Pininfarina-ში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ გერმანულ ავტომწარმოებელში გადაინაცვლა, იქ 41 წელიც გაატარა და სამყაროს არაერთი საკულტო ავტომობილიც აჩუქა. 

Mercedes-მა საკო 1958 წელს, დამხმარე დიზაინერად აიყვანა. მალევე ის „კორპუსის დიზაინისა და განზომილების კონცეფციის“ განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობის პირველ წლებში საკომ იმუშავა ისეთ ავტომობილებზე, როგორებიცაა: Mercedes-Benz 600 (W100) და 230 SL, ცნობილი როგორც „Pagoda“ (W113). სერიული წარმოების ავტომობილების გარდა, დიზაინერი ექსპერიმენტულ პროექტებშიც მონაწილეობდა, მათ შორის იყო C 111 და C 111-II.

1975 წელს, ბრუნო საკო, „სტილისტიკური განყოფილების“ ხელმძღვანელად დაინიშნა. დიზაინერის პირველი პროექტი W123 T-Modell იყო - E-Class ვაგონის წინამორბედი. ამ მოდელს, როგორც Mercedes-ის პირველ უნივერსალს, ავტომწარმოებლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1970-იან წლებში, მისი მუშაობის პერიოდსავე უკავშირდება G-Class-ის დიზაინის შემუშავება. 

ამ მანქანებზე მუშაობიდან ათწლეულების შემდეგ, როდესაც საკო თავის წარსულსა და შემოქმედებას აფასებდა თქვა, რომ ის განსაკუთრებით 126-ის სერიით ამაყობდა: „126-ის მოდელების სერია საუკეთესოა მათ შორის, რაც Mercedes-Benz-ისთვის შემიქმნია“. მოდელების ამ ოჯახისადმი მადლიერების გამოსახატავად, პენსიაზე გასვლის შემდეგ, საკომ მუქი ლურჯი ფერის 560 SEC შეიძინა. 

საკოს პროექტები მოიცავდა ყველაფერს: M-Class-ის ძვირად ღირებული SUV-დან დაწყებული, V-Class-ის მინივენით დასრულებული. 1999 წლის 31 მარტს, პენსიაზე გასვლამდე, საკომ W220 S-Class-ის დიზაინზეც იმუშავა. პენსიაზე გასვლიდან მრავალი წლის შემდეგ, უაღრესად ნიჭიერმა ავტომობილების დიზაინერმა თქვა: 

„Mercedes-ი ჩემი ცხოვრებაა და მე ამ გამოცდილებით 100%-ით ვამაყობ“. 

ბრუნო საკო, გერმანიაში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გაზიარება: