ევროკავშირი, შეზღუდვები, ფორდი
Aa
Aa

Ford-ი ევროპაში 4 000 დასაქმებულს გაათავისუფლებს

Ford-მა, ევროპის მასშტაბით, კომპანიის სამუშაო ძალის 14%-ით შემცირება დააანონსა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვეტილების მიზეზად წარმოების გაზრდილი ხარჯები, ელექტრომობილებზე სუსტი მოთხოვნა და ბაზარზე მზარდი კონკურენცია დაასახელა. არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, Ford-მა მთავრობის მხრიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მხარდაჭერის ნაკლებობაც ახსენა. 

Ford-მდე, ბაზარზე ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენციის მიზეზით, ხარჯების შემცირება რამდენიმე სხვა ამერიკულმა ავტომწარმოებელმაც დააანონსა. მათ შორის Nissan-მა, Stellantis-მა და GM-მა. საქმე იმაშია, რომ ჩინური კომპანიები ევროპულ ბაზარზე ბევრად დაბალფასიანი ელექტრომობილებით შემოდიან - ვიდრე მათი ევროპული და ამერიკული კონკურენტები - რაც ჩინურ EV-ებზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო დანარჩენი ნაწილისთვის გაყიდვებს ამცირებს.

შიდაწარმოების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის გარკვეული შეზღუდვები ევროკავშირმაც დააწესა. ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს გაზრდილი ტარიფებით ებრძვის. 

Ford-ი სამუშაო ძალის შემცირებას თავდაპირველად გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაიწყებს. გლობალურად, კომპანიის დასაქმებულთა შორის 174 000 პირი ირიცხება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, Ford-ი გლობალური სამუშაო ძალის 2.3%-ს ამცირებს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება Volkswagen-მაც მიიღო. გერმანულმა ავტომწარმოებელმაც მიზეზად ჩინური კომპანიების ზრდა და წარმოების მაღალი ხარჯები დაასახელა. საინტერესოა, რომ Volkswagen-მა გერმანიაში საწარმოო ქარხანა თავის ისტორიაში პირველად დახურა. 

ამ ყველაფერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიც ემატება, რის შედეგადაც დასავლეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. საქმეს ამძიმებს რეგულაციებიც, რომლებსაც ევროკავშირი 2035 წლისთვის ელექტრომობილებზე აწესებს. 

მსგავსი სიახლეები