რეიტინგი, ილონ მასკი, ტესლა, ტოიოტა
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდი | ტოპ 10

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2024 წლის განმავლობაში, წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. მაგრამ, იმავეს თქმა არ შეგვიძლია მილიარდერის მიერ დაარსებულ ავტომწარმოებელზე. ელექტრომობილების ამერიკული ბრენდის ღირებულება, 2025 Brand Finance-ის მონაცემებით, 25%ით დავარდა. შედეგად, Tesla ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ბრენდებს შორის, მეოთხე ადგილზეა.

Brand Finance-ის შეფასებით, Tesla-ს ბრენდის ღირებულება $43 მილიარდს აღწევს მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში $58.3 მილიარდს, ხოლო 2023 წელს $66.2 მილიარდს უტოლდებოდა. ეს ვარდნა, როგორც Mercedes-ს, ასევე Hyundai Group-ს, ამერიკული გიგანტისთვის გადასწრების საშუალებას აძლევს. გერმანული ავტომწარმოებელი, მიუხედავად 11%-იანი ვარდნისა, $53 მილიარდით ახლა მეორე ადგილზეა. ხოლო პირველ პოზიციას იაპონური Toyota იკავებს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ბრენდის ღირებულებამ, შთამბეჭდავი 23%-იანი მატების შემდეგ, $64.7 მილიარდს მიაღწია.

Brand Finance-ის ვარაუდით, Tesla-ს ბრენდის ღირებულების ვარდნაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ავტომწარმოებლის მოძველებული ხაზია, ასევე მისი საკამათო ხელმძღვანელიც, რომლის საქმიანობა და მოსაზრებები ავტომობილების ინდუსტრიის გარეთ, მათ შორის პოლიტიკაში, პოლარიზებული აღმოჩნდა. ამის მიუხედავადაც, გასაკვირი არაა, რომ Tesla-ს დადებითი შედეგები ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება და არა ევროპის ნაწილს, სადაც მაგალითად მისი ჩინური კონკურენტების გაძლიერება შეინიძნება. 

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც ის მოსწონთ. თუმცა ბევრი უარყოფითადაა განწყობილი“, - განაცხადა Brand Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰეიმ. „თუ თქვენ ელექტრომობილების მომხმარებელთა შორის ხართ, მაშინ მისი პერსონა დიდი ალბათობით იმოქმედებს თქვენს გადაწყვეტილებაზე, შეიძინოთ თუ არა Tesla-ს ავტომობილი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთია მრავალი ფაქტორიდან.“

ცნობისთვის, Brand Finance-ის კვლევა ბევრად უფრო ზოგადია და ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს მოიცავს. საერთო რეიტინგის პირველ ათეულში ავტომწარმოებლები არ გვხდებიან, Toyota მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა, Tesla კი მთლიანობაში მე-18 ადგილს იკავებს - მაშინ, როდესაც 2023 წელს მე-9 ადგილზე იყო. საერთო რეიტინგის ლიდერი, $574.5-მილიარდიანი ბრენდის ღირებულებით Apple-ია, შემდეგ მოდის Microsoft-ი ($461 მილიარდი) და Google ($413 მილიარდი). 

მსგავსი სიახლეები