Porsche, რომელსაც ვერ ამოიცნობდით
საკულტო მოდელის იერსახეზე უხეშად შეხება ძალზედ სარისკო საქმეა. თუმცა 80-იან წლებში ყოველთვის მოიძებნებოდნენ ისეთი გაბედული ავტომოყვარულები, რომელებიც მზად იყვნენ ეს მძიმე ტვირთი საკუთარ თავზე აეღოთ. ძმები ალმერასები ფრანგი ავტომოყვარულები იყვნენ, რომლებმაც გაბედეს და ყველაზე ფლაგმანურ Porsche 930-ს სერიოზული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარეს.
Almeras 3.3 Biturbo 1983 წელს Porsche 930-ის ბაზაზე შეიქმნა. ძმებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ავტომობილი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო „პორშეს“ მსგავსი. მათ სურდათ, რომ ამ მანქანის დანახვისას გამოცდილი ავტომოყვარულიც კი დაბნეულიყო და ვერ ამოეცნო რა მანქანა იყო. უკან „ფერარის“ მსგავსი სანათები დაუყენეს, რომელიც „პორშესთან“ საერთოდ არაფერს იზიარებდა. აგრეთვე წინა ტრადიციულო მაშუქები სრულად შეცვალეს და იგი უფრო აეროდინამიკური გახადეს. ზოგადად ძმებმა აეროდინამიკას დიდი ყურადღება დაუთმეს, რადგან მათი აზრით “პორშეს“ ამ მოდელს საერთოდ არ ჰქონდა ჰაერისმჭრელი ფორმა. ალმერასები მხოლოდ ფარების დამრგვალებაზე არ გაჩერდნენ და სახურავი მნიშვნელოვნად დაადაბლეს, რამაც წინა საქარე შუშის 9 გრადუსით დაბლა დახრა გამოიწვია. ამ ყველაფერმა იმდენად დადებითად იმოქმედა ავტომობილზე, რომ მას 300 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო, ეს კი 1983 წელს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს მთავარი აგრეგატი, რომლის მოცულობაც 3.3 ლიტრი იყო და ორი ტურბო ეყენა. აქვე შეგახსენებთ, რომ სტანდარტული მოდელი მხოლოდ ერთი ტურბოთი იყო აღჭურვილი. ძრავის გასაძლიერებლად მნიშნელოვანი დეტალები შეიცვალა - შეფრქვევის სისტემა, დგუშები და სხვა. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ 430 ცხენის ძალა გამოიმუშავა.
ალმერასები ძრავის და ვიზუალის მოდიფიკაციაზე არ გაჩერდნენ და სამუხრუჭე სისტემაც მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მას სარბოლო Porsche 917-ს სამუხრუჭე სისტემა დაუყენეს და ავტომობილი ნებიმსიერი სიჩქარიდან თავისუფლად ჩერდებოდა.
Almeras 3.3 Biturbo იმდენად ჩქარი და საინტერესო გამოვიდა, რომ Michelin-მა სატესტო ტრეკზე მიიწვია, რადგან თავისი ახალი საბურავების სრულყოფილი გამოცდა ჩაეტარებინა. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი რარიტეტული მოდელის ფასი ყოველთვის მაღალი იყო და აღნიშნული მანქანის ღირებულება 650 000 ფრანგულ ფრანკს შეადგენდა, რაც 80-იან წლებში თითქმის რეკორდული ფასი იყო.