ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი ნოიე კლასე, ბიემვი აიიქს3, ნოიე კლასე
Aa
Aa

ეს Neue Klasse-ის მომავალია | BMW-მ მეორე თაობის iX3 წარადგინა

მეორე თაობის iX3-ის მსოფლიო დებიუტით, გერმანულმა BMW-მ Neue Klasse-ის ეპოქა დაიწყო. ეს მოდელი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ერთი სტანდარტული ელექტრო SUV, თავისი დიზაინით ავტომწარმოებლის ახალი დიზაინერული ენის საფუძველს ჰქმნის. თქვენ წინაშე სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შექმნილი პლატფორმაა, ოთხი მძლავრი კომპიუტერით, რომელსაც BMW თავის „სუპერტვინს“ უწოდებს.

პირველი ვერსია, რომელიც შოურუმებში 2026 წლის შუა პერიოდისთვის გამოჩნდება, iX3 50 xDrive იქნება. ეს მოდელი ორმაგი ძრავის საშუალებით 463 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი სრული დამუხტვით 644 კილომეტრს გადის. მანქანის საბაზისო ფასი $60 000-ია. სერიული iX3 2024 წლის Vision Neue Klasse X კონცეფციის ერთგული რჩება, რომელიც ბრენდის ახალ სტილისტურ მიმართულებას მოიცავს. ეს მიდგომა, საბოლოოდ, მის მთელ ხაზზე, მათ შორის ICE და EV მოდელებზე იქნება გამოყენებული.

„Neue Klasse-ის დიზაინი თანამედროვე ინსპირაციაა იმისა, რასაც BMW წარმოადგენს. ახალი დიზაინით, BMW iX3 მომავალზე ორიენტირებული, თანამედროვე და მარადიული სტილით გამოირჩევა, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ის ნამდვილი BMW-ია“, - ამბობს BMW Group-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი, ადრიან ვან ჰოიდონკი.

ავტომობილის წინა მხარეს მარტივი შესამჩნევია ახალი, ზომაში დაპატარავებული თირკმლისებრი ცხაური და მაშუქების განლაგება, რომელიც შთაგონებას 2002 წლის სერიის კლასიკური BMW-დან იღებს. მოდელის სპორტულ იერსახეს ხაზს მისი მართკუთხა კონტურები და მკვეთრი ფორმები გამოყოფს. უკანა მხარეს კი, ჰორიზონტალურად განლაგებული მაშუქები ჩაღრმავებული მონაკვეთით, სახურავის სპოილერის ფორმას იმეორებს. აეროდინამიკურმა გაუმჯობესებებმა წინაღობის კოეფიციენტი 0.24-მდე შეამცირა, რაც შესამჩნევი შედეგია გასული iX3-ის 0.29-თან შედარებით.

BMW დაინტერესებულ პირებს M Sport-ის პაკეტსაც სთავაზობს - განახლებული კორპუსის კომპლექტითა და 20, 21 ან 22-ინჩიანი შენადნობის დისკებით, რომელთაც ლურჯი სამუხრუჭე კალიპერები ერთვის. Sport Professional პაკეტის არჩევისას, ავტომობილს განათებული ცხაური, შავი ფერის დეტალები და წითელი კალიპერები ექნება.

ინტერიერის ცენტრალურ ადგილს BMW-ს ახალი პანორამული iDrive სისტემა იკავებს, რომელიც საქარე მინის უკიდურეს ნაწილში, დისპლეის სახითაა განთავსებული. სისტემა 17.9-ინჩიან ცენტრალურ ეკრანთან და დამატებით 3D-დისპლეისთან ერთად მუშაობს. მრავალფუნქციური საჭის დამატებითი ღილაკები და ხმოვანი აქტივაციის მქონე BMW Intelligent Personal Assistant-ი კი, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მაქსიმალურად შესამცირებლადაა შექმნილი.

ამ ყველაფერს 13-დინამიკიანი Harman Kardon აუდიოსისტემა, პანორამული სახურავი და სამზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი ერთვის. ავტომობილი აღჭურვულია BMW HypersonX-ითა და ხმოვანი ეფექტებით.

უფრო ჭკვიანი, ვიდრე სტანდარტული ელექტრომობილი:

Neue Klasse iX3 ოთხი თანამედროვე, მაღალი ხარისხის კომპიუტერითაა აღჭურვილი, რომელთაც BMW „სუპერტვინებს“ უწოდებს. თითოეული ბლოკი მართვის დინამიკას, ავტომატიზებულ მართვის სისტემებს, ინფორმაციულ-გასართობ და ძირითად ფუნქციებს აკონტროლებს. მაგალითად, ერთ-ერთი ბლოკი Heart of Joy გადაცემათა კოლოფზე, მუხრუჭებზე, ენერგიის აღდგენასა და საჭეზეა ფოკუსირებული. კიდევ ერთი ბლოკი - ავტომატიზებული მართვისა და პარკირების ფუნქციებისთვისაა განკუთვნილი.

BMW-ს თანახმად, iX3 არის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ შემუშავებული ავტომობილია, რაც ნიშნავს, რომ მის გაუმჯობესებაზე მუშაობა, მთელი თავისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მუდმივად, დისტანციურად იქნება შესაძლებელი.

ახალი iX3 ასევე პირველი მოდელია, რომელიც ავტომწარმოებელმა თავის ახალ, Neue Klasse პლატფორმაზე დააფუძნა. ეს პლატფორმა, სამომავლოდ, ყველა ელექტრო BMW-ს საფუძველი გახდება. 800-ვოლტიანი არქიტექტურა მეექვსე თაობის eDrive სისტემაა, რომელიც ახლად შემუშავებულ ელექტროძრავებს მაღალი სიმკვრივის ცილინდრული ბატარეის უჯრედებთან აერთიანებს.

საწყისი ვერსია, iX3 50 xDrive, ორმაგ ელექტროძრავაზე მუშაობს, სრულად ამძრავია და 463 ცხენის ძალასა და 645 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, SUV 0-დან 100-მდე 4.7 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 209 კმ/სთ-ზე აღწევს. ახალ მოდელში BMW მძღოლებს რამდენიმე რეჟიმს, მათ შორის Sport, Efficient, Silent და Personal რეჟიმებს სთავაზობს.

სრულადამძრავი 50 xDrive მხოლოდ დასაწყისია. BMW უკვე მუშაობს უკანაამძრავ და ერთძრავიან ვერსიებზე. ეს მხოლოდ დროის საქმეა. მანამდე კი, BMW-ის ვარაუდით, iX3 50 xDrive აშშ-ის სადილეროებში 2026 წლის ზაფხულში გამოჩნდება - დაახლოებით 60 000 აშშ დოლარის საწყისი ფასით. ეს ღირებულება დაახლოებით $6 000-ით ნაკლებია მსგავსი ზომის X3 M50 xDrive-ზე, რომელიც ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი.

თუმცა Neue Klasse სტრატეგია გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი მოდელი. 2027 წლისთვის, BMW ამ ტექნოლოგიით 40 ახალი და განახლებული მანქანის გამოშვებას ვარაუდობს - სედანებიდან დაწყებული, SUV-ებით დამთავრებული. შემდეგი Neue Klasse ოთხკარიანი სედანი იქნება, რომელიც მესამე სერიის ელექტრო ანალოგად არის ჩაფიქრებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები