ელექტრომობილი, უკონტაქტო დამმუხტველი, საფრანგეთი, ელექტრომობილები, ტექნოლოგიები, დამმუხტველი
Aa
Aa

საფრანგეთში გაიხსნა მაგისტრალი, რომელიც მასზე მოძრავ ელექტრომობილებს დამუხტავს

როგორც ჩანს, გადაჭარბებული იყო სკეპტიკოსების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა ტექნოლოგიურ რბოლაში აშშ-სა და ჩინეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში გახსნეს 1.5-კილომეტრიანი სატესტო მაგისტრალი, რომელიც ზედ გამვლელ როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ელექტრომობილებს დამუხტავს.

არც გაჩერება, არც ლოდინი, არც დამმუხტველის რიგში დგომა — თქვენი ავტომობილისთვის ენერგიის გადასაცემად მხოლოდ გზაზე გადაადგილება მოგიწევთ. საპილოტე პროექტი, რომელიც A10 ავტობანზე მოეწყო, წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ელექტრომობილების მწარმოებლებისა და მომხმარებლების თავისტკივილების გასაქრობად (თავის მართლებას ნუ დაიწყებთ, ყველამ ვიცით, რომ გინდათ, დამუხტვა უფრო ხანმოკლე იყოს და უფრო იშვიათადაც გიწევდეთ!).

ტექნოლოგია, რომლის გამოჩენასაც უფრო შორეულ მომავალში ველოდით, საკმაოდ მარტივია — ასფალტის ქვეშ სპილენძის ხვეულები მონტაჟდება. ეს მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც სპეციალური მიმღებით აღჭურვილ ელექტრომობილს გადაეცემა (კარგი, ჰო, ამაზე ცოტა უფრო რთული სისტემაა).

დინამიკური დამუხტვის ეს ტექნოლოგია ხანგრძლივი შეჩერებების თავიდან არიდების გარდა, შემუშავებულია ავტომწარმოებლებისთვისაც, რომლებსაც ბატარეების ზომის უსასრულოდ ზრდა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება სატვირთოებზე და წინასწარი შეფასებით, ამ ტიპის ტექნოლოგია CO2-ის ატმოსფეროში გამოფრქვევას 80%-ით შეამცირებს. 

რთულია იმის თქმა, როგორ ადაპტირდება ამ ტექნოლოგიაზე ავტომობილების ინდუსტრია — შესაძლოა, მსგავსი პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობა ავტომშენებელმა კომპანიებმაც მიიღონ. გარდა ამისა, სუპერქარების მწარმოებლებს შეეძლებათ, აქცენტი სისწრაფესა და მართვადობაზე გააკეთონ და არა ბატარეის ტევადობაზე. 

როგორც ნილ არმსტრონგი იტყოდა, ეს პატარა ნაბიჯია საფრანგეთისთვის, თუმცა დიდი ნახტომი — ელექტრომობილებისთვის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები